ლევან რატიანი: ბევრი ინფიცირებული გვყავს, იმაზე მეტი ვიდრე წარმოგვედგინა და გათვლილი იყო

ლევან რატიანი: ბევრი ინფიცირებული გვყავს, იმაზე მეტი ვიდრე წარმოგვედგინა და გათვლილი იყო

სამწუხაროდ, ბევრი ინფიცირებული გვყავს, იმაზე მეტი, ვიდრე წარმოგვედგინა და გათვლილი იყო, - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა „TV პირველის“ ეთერში განაცხადა.

„მიდგომამ „სახლში დარჩი“ იმ ეტაპზე გაამართლა, არ გვყავდა ინფიცირებულთა დიდი რაოდენობა, შესაბამისად ყველა ინფიცირებული საავადმყოფოში ხვდებოდა. მათზე ზედამხედველობას ექიმები ახორციელებდნენ. სულ ვამბობდი, მთავარია საქართველოში არ დადგეს საკითხი, როცა ექიმმა ჰუმანურობა უნდა დაივიწყოს ან უნდა გადახედოს. ვერცერთი ქვეყანა ვერ გაუძლებს იმ დატვირთვას, რაც ჩვენს ქვეყანაში ამ ეტაპზე ხდება.

როდესაც სასწრაფო მირეკავდა, არასოდეს პაციენტის მიღებაზე უარი არ მითქვამს, მაგრამ სამწუხაროდ, ბოლო რამდენიმე დღეა ამის გაკეთება მომიწია, ეს ექიმისთვის გულსატკენია. სიცოცხლე უნდა გადარჩეს და რაც შეიძლება ბევრი! ყველაფერს აქვს თავის რესურსი, მით უფრო სამედიცინოს. ინფექციის გავრცელების წყვეტა რომ მოხდეს, ერთადერთი გამოსავალი ის აქვს ჩვენს ქვეყანას, რომ დაიწყოს მკაცრი შეზღუდვა“, - განაცხადა ლევან რატიანმა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 85 952 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 68 929-ს შეადგენს. გარდაიცვალა 778 მოქალაქე.

კარანტინის რეჟიმშია 2 797 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 5 662 ადამიანი, კოვიდ სასტუმროში კი 3 351 პაციენტი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.