31 ოქტომბერს ქართველებმა საარჩევნო ყუთებთან აირჩიეს ახალი პარლამენტი. როგორც მოსალოდნელი იყო, ნაციონალურმა მოძრაობამ განაცხადა, რომ არჩევნები გაყალბებულია, და დადო ხელახალი არჩევნების დანიშვნამდე საპროტესტო აქციების გამართვის პირობა. ოპოზიციის მხრიდან პრეტენზიების მიუხედავად, კვირას ეუთომ განაცხადა, რომ არჩევნები იყო კონკურენტული და ფუნდამენტური თავისუფლებები, ზოგადად, დაცული იყო,- ამის შესახებ გამოცემა ,,heraldscotland“ გამოქვეყნებულ სტატიაშია აღნიშნული.
როგორც სტატიის ავტორი, სტრუან სტივენსონი აცხადებს, ქართულმა ოცნებამ მძაფრ, კონკურენტულ არჩევნებში მოაგროვა საკმარისი ხმები, რათა ჩამოაყალიბოს მთავრობა.
მისი თქმით, სააკაშვილმა არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად, საქართველოს ოპოზიციურ პარტიებს „საყოველთაო მობილიზაციისკენ“ და მომხრეებს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდა.
როგორც გამოცემა წერს, პოლიტიკური ძვრები საქართველოსთვის სიახლეს არ წარმოადგენს და ამ ქვეყანას ღრმად აქვს გადგმული ფესვები ისტორიაში, 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კი საქართველო სულ უფრო აქტიურად იყურება დასავლეთისკენ თავისი მომავალი ბედის გადასაწყვეტად.
,,მმართველი პარტიის თანახმად, რომლის დამფუძნებელიც გახლავთ საქართველოში ყველაზე შეძლებული ადამიანი - ფილანთროპი ბიძინა ივანიშვილი, ქართულმა ოცნებამ ამ მძაფრ კონკურენტულ არჩევნებში მოაგროვა საკმარისი ხმები, რათა ჩამოაყალიბოს ერთპარტიული კაბინეტი აღმოსავლეთ ევროპის ამ ქვეყანაში. მართალია, ივანიშვილის პარტია „ქართული ოცნება“ პროდასავლურია და ძალიანაა დაინტერესებული ევროკავშირში შესვლით, მაგრამ იგი ასევე ცდილობს ურთიერთობების გაუმჯობესებას რუსეთთან. მთავარი ოპოზიციური ძალა - ერთიანი ნაციონალური მოძრაობა თავდაპირველად დააარსა მიხეილ სააკაშვილმა, ქართული პოლიტიკის სკანდალურმა ფიგურამ. სააკაშვილი უკრაინაში გადაიხვეწა, ხოლო 2018 წელს თბილისის მუნიციპალურმა სასამართლომ მას დაუსწრებლად მიუსაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, თუმცა თავად სააკაშვილი მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს შეთითხნილს და პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. სააკაშვილმა მოუწოდა საქართველოს ოპოზიციურ პარტიებს „საყოველთაო მობილიზაციისკენ“ და მომხრეებს ქუჩაში გამოსვლისკენ არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად. ძალიან საეჭვოა, რომ სააკაშვილმა შეძლოს ახალი „ვარდების რევოლუციის“ პროვოცირება, რომელსაც იგი სათავეში 2003 წლის ნოემბერში ედგა და რომლის შედეგადაც გადააყენეს ყოფილი საბჭოთა ლიდერი - ედუარდ შევარდნაძე და ჩაანაცვლეს იგი სააკაშვილით. პოლიტიკური ძვრები საქართველოსთვის სიახლეს არ წარმოადგენს. ამ ქვეყანას ღრმად აქვს გადგმული ფესვები ისტორიაში და იგი საუკუნეების განმავლობაში წარმოადგენდა ბრძოლის ველს, სადაც ქართველი ხალხის დასამორჩილებლად ერთმანეთს ებრძოდნენ მსოფლიოს უდიდესი იმპერიები: რომი, მონღოლეთი, ბიზანტია, სპარსეთი, ოსმალეთი და რუსეთი. ძვ. წ. 2000 წელს თვით იაზონი და არგონავტებიც კი ჩამოვიდნენ აქ ლეგენდარული ოქროს საწმისის მოსაძებნად. სასწაულია, რომ ქართველებმა არა მხოლოდ მოაღწიეს აქამდე, არამედ შეინარჩუნეს კიდეც თავიანთი უნიკალური იდენტობა და უძველესი კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც განთქმულია სტუმართმოყვარეობით და სამზარეულოთი. 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველო სულ უფრო აქტიურად იყურება დასავლეთისკენ თავისი მომავალი ბედის გადასაწყვეტად, რის გამოც დაძაბულობა უმსხვილეს ჩრდილოელ მეზობელთან - რუსეთთან სულ უფრო მძაფრდება, რადგან მოსკოვი გააფთრებით ეწინააღმდეგება საქართველოს მისწრაფებებს ევროკავშირსა და ნატოში შესვლასთან დაკავშრებით; მას აშინებს აშშ-ის მზარდი ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენა საქართველოში. ამჟამინდელი ქართველი პოლიტიკოსები მზად არიან, თვალი გაუსწორონ აგრესიული მეზობლისგან მომავალ საფრთხეს. მათი უმრავლესობა ახალგაზრდაა, ძალიან განათლებული, კომპეტენტური, ორატორული ნიჭით დაჯილდოებული და რამდენიმე ენაზე მოსაუბრე. პოლიტიკური სპექტრის ყველა მხარეს იგრძნობა მძლავრი ოპტიმიზმი - შეგრძნება, რომ საქართველოს აქვს დიდი მომავალი და რომ ამის უზრუნველყოფა მათი ურყევი გადაწყვეტილებაა“,- წერს გამოცემა.