კახა კუჭავა ოპოზიციას მოუწოდებს მხოლოდ სიტყვებით ნუ იქნებიან ევროპელები და პროდასავლელები

კახა კუჭავა ოპოზიციას მოუწოდებს მხოლოდ სიტყვებით ნუ იქნებიან ევროპელები და პროდასავლელები

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავას განცხადებით, დროა, რომ ოპოზიცია კონსტრუქციულ ქმედებებზე გადავიდეს და პატივი სცენ ამომრჩეველთა ნებას, ამასთანავე თავი შეიკავონ ე. წ. ბულინგისგან იმ ამომრჩეველებზე, რომელიც მათ არ უჭერენ მხარს. კახა კუჭავა ამ განცხადებით გამოეხმაურა არჩევნების მეორე ტურისთვის საარჩევნო უბნებზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაანონსებულ ე. წ. სირცხვილის კორიდორების მოწყობის საკითხს.

„21-ე საუკუნეში ვართ და ბოლომდე ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს ქვეყანა მაქსიმალურად დაუახლოვდეს იმ ჩვენს მთავარ მისწრაფებებს და ღირებულებებს, რასაც ჰქვია ევროკავშირი, ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ხოლო  ოპოზიციიდან   რაც გვესმის, ეს არის ბოიკოტირება, ეს არის ქუჩის აქციები, ეს არის „სირცხვილის კორიდორები“. დრო არის ისინი გადავიდნენ კონსტრუქციულ ქმედებებზე, პატივი სცენ ამომრჩეველთა ნებას და მაქსიმალურად თავი შეიკავონ ე. წ. ბულინგისგან იმ ამომრჩეველებზე, რომელიც მათ არ უჭერენ მხარს, რომელთა რაოდენობა იმდენად დიდია, რომ მათთვისაც გასაკვირი იყო და ახლა ერთადერთი დარჩენიათ  - ისევ ქუჩის აქციებით გააგრძელონ ყველაფერი. ამიტომ, მე მოვუწოდებდი ყველას, ნუ იქნებიან მხოლოდ სიტყვებით ევროპელები და პროდასავლელები, იყვნენ თავიანთი ქმედებებითაც ასეთები“, - განაცხადა კახა კუჭავამ.