რას ჰქვია, მიტინგზე გინდა პარტიის ათასობით მხარდამჭერი და მათი ლიდერი არ გინდა?! ეს ძალიან არასერიოზულია!, - ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ბარამიძე ბათუმის საპროტესტო აქციიდან „ლელოს“ წარმომადგენლების წასვლის ფაქტს.
„ზუსტად არ ვიცი, რატომ დატოვეს „ლელოს“ წარმომადგენლებმა აქცია. ამაზე თავად გააკეთებენ კომენტარს, მაგრამ თუ ამის მიზეზი გახდა ის, რომ აქ ადამიანების უმრავლესობას ხელში ეჭირა ფლაერი წარწერით - „მიშა დაბრუნდი!“, ეს ძალიან არასერიოზულია და მოუწევთ მათ ლიდერებს, განმარტების გაკეთება. რას ჰქვია, მიტინგზე გინდა პარტიის ათასობით მხარდამჭერი და მათი ლიდერი არ გინდა?! ეს ძალიან არასერიოზულია! თუ ვიღაცას მიზეზების მოძებნა უნდა, რათა ივანიშვილის პირობებს დათანხმდეს, ეს სხვა საქმეა", - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
ამასთან, აჭარის მთავრობის სახლის წინ გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ გამართული აქცია უკვე დასრულდა. ისინი არჩევნების ხელახლა ჩატარებასა და ცესკოს თავმჯდომარის გადადგომას ითხოვდნენ. აქცია მალევე დატოვეს „ლელო საქართველოსთვის“ წარმომადგენლებმა.
მოგვიანებით, აქციაზე „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელმა განაცხადა, რომ „ლელოს“ უკმაყოფილების მიზეზი „მიშა ჩამოდი!" - ფლაერების დარიგება გახდა.
პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ წარმომადგენლებს კი აქციის დატოვების მიზეზებზე განმარტება არ გაუკეთებიათ.