ხელისუფლება ოპოზიციის მიერ შეთავაზებულ ვარიანტს, რომ ახლავე იქნას აღიარებული არჩევნების გაყალბებით ჩატარება, არ დათანხმდება, გამოსავალი შეიძლება, იყოს პოლიტიკური შეთანხმება იმაზე, რომ ოპოზიცია შევა პარლამენტში, ცვლილებები შევა საარჩევნო კოდექსში და ერთი წლის ვადაში ჩატარდება რიგგარეშე არჩევნები, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ „ინტერპრესნიუსთან“ ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განაცხადა.
ძაბირაძის განცხადებით, რთული სათქმელია, „ქართულ ოცნებაში“ აცნობიერებენ თუ არა, თუმცა, ქვეყანა რიგგარეშე არჩევნების წინაშე მაინც დადგება, რადგან ობიექტურად არის მძიმე ვითარება და „ქართულ ოცნებას“ მომდევნო 4 წელი ხელისუფლების შენარჩუნება გაუჭირდება.
„პრობლემა მხოლოდ პარლამენტის ერთპარტიულობაში კი არ არის, პრობლემა ის არის, რომ იქნება უამრავი სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური პრობლემები, რომელსაც ხელისუფლება ვერ გადაჭრის. არ ვიცი, დღეს ამას რამდენად აცნობიერებს ხელისუფლება, მაგრამ ძალიან მალე დადგება ასეთი რეალობის წინაშე. წავა თუ არ წავა ხელისუფლება დათმობაზე, მას რიგგარეშე არჩევნების ჩატარება მაინც მოუწევს. ამიტომ მხოლოდ ეს არის გამოსავალი, რომ ოპოზიცია შედის პარლამენტში და ხდება პოლიტიკური შეთანხმება, რომ მოხდება საარჩევნო კოდექსის შეცვლა და ერთი წლის ვადაში ჩატარდება რიგგარეშე არჩევნები. მაგრამ თუ ოპოზიცია დარჩება ქუჩაში, არც ხელისუფლება გადადგამს ნაბიჯს“, - განაცხადა ძაბირაძემ.
ამასთან, ძაბირაძე მიიჩნევს, რომ მოლაპარაკებების პროცესში უბნების გადათვლაზე უარი ოპოზიციის მხრიდან, მათთვის არამომგებიანია.
„ოპოზიცია უნდა დათანხმდეს გადათვლაზე და უნდა გააკეთოს შემხვედრი წინადადება, რომ შეადგინონ ჯგუფი, არასამთავრობოების და პოლიტიკური წარმომადგენლების მონაწილეობით, რომელიც გადათვლის და ეს პროცესი იქნება ღია. ყველა უბნის გადათვლა რომ მოუწიოთ, უნდა გადათვალონ. ეს პოლიტიკური მომგებიანია ოპოზიციისთვის,“ - განაცხადა ძაბირაძემ.
მისივე თქმით, წინა შემთხვევაში, როცა ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკებები პროპორციულთან მიახლოებული სისტემის მიღებით დასრულდა, სხვა ვითარება იყო, „ახლა კი სახის შენარჩუნება არა მხოლოდ ხელისუფლებას, არამედ ოპოზიციასაც სჭირდება“.