ოპოზიციამ მიიღო ის ხმები, რაც რეალურად უწერია. მათ მიერ მიღებული ხმები პარალელური დათვლის შედეგებს პრაქტიკულად ემთხვევა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მეოთხე ნომერმა თეა წულუკიანმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
„პარალელური დათვლა ჩაატარა არა ცესკომ, არამედ ISFED-მა (სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება). ISFED-ზე მთავარი ოპოზიციური ძალის თავმჯდომარე ამბობს, რომ ამ არასამთავრობო ორგანიზაციას ენდობიან. შესაბამისად რატომ არ ენდობიან იმას, რომ ცესკოს მაჩვენებელი და ISFED-ის მაჩვენებელი „ქართული ოცნებისთვის“ პარაქტიკულად ერთი და იგივეა თუ არ ჩავთვლით 0,1% სხვაობას“, - აღნიშნა წულუკიანმა.
მისი თქმით ოპოზიციურ პარტიებს არ უნდათ გადათვლა, მათ არ უნდათ არჩევნები, მათ უნდოდათ რევოლუცია, რომელიც ჩაფლავდა.
ქართული ოცნება“ ხელახალ არჩევნებს არ განიხილავს. ოპოზიცია ხელახალ არჩევნებს ითხოვს. მათივე მოთხოვნებშია ცესკოს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას გადადგომა, საარჩევნო ადმინისტრაციის ახალი წესით დაკომპლექტება და „პოლიტპატიმრების“ გათავისუფლება. ამერიკის ელჩის რეზიდენციაში დღეს მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართა.