„ოპოზიციამ უარი თქვა არჩევნების შედეგების გადამოწმების ორივე ფორმაზე, ბიულეტენების გადათვლასა და ვიდეოჩანაწერების ნახვაზე, რომელიც გამორიცხავდა სპეკულაციებს ე.წ კარუსელებზე“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„დიალოგზე შეთანხმებული წესების მიხედვით, მოლაპარაკების საკითხები ამ ეტაპზე არ უნდა გახმოვანებულიყო, თუმცა ოპოზიციის წარმომადგენლები საჯაროდ საუბრობენ, რომ არ თანხმდებიან ხმების გადათვლაზე. ამიტომ, ინფორმაცია ცალმხრივი რომ არ იყოს, ჩვენც ვადასტურებთ, რომ მათ უარი თქვეს შედეგების გადამოწმების ორივე ფორმაზე - ბიულეტენების გადათვლასა და ვიდეოჩანაწერების ნახვაზე, რომელიც გამორიცხავდა რომელიც გამორიცხავდა სპეკულაციებს ე.წ კარუსელებზე. როგორც ჩანს, მათი ინტერესი არ არის, გაირკვეს სიმართლე და ურჩევნიათ, მათივე მოგონილი, მოდელირებული „გაყალბებული არჩევნებით“ ივაჭრონ. მიუხედავად ამისა, ვიტოვებთ იმედს, რომ მათი რადიკალური და უსაფუძვლო პოზიცია შეიცვლება და დიალოგი კონკრეტული, ქვეყნისთვის პოზიტიური შედეგებით დასრულდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
„ქართული ოცნება“ ხელახალ არჩევნებს არ განიხილავს. ოპოზიცია რუსთაველის გამზირზე აქციას მართავს და ხელახალ არჩევნებს ითხოვს. მათივე მოთხოვნებშია ცესკოს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას გადადგომა, საარჩევნო ადმინისტრაციის ახალი წესით დაკომპლექტება და „პოლიტპატიმრების“ გათავისუფლება. ამერიკის ელჩის რეზიდენციაში დღეს მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართა.