პიკი როდის იქნება ამაზე მუშაობენ სპეციალური სამსახურები: დაავადებათა კონტროლის ცენტრი და ჯანდაცვის სამინისტრო, რომელთაც აქვთ სპეციალური ფორმულები, პრინციპები და მიდგომები. ისინი ამბობენ, რომ პიკი იქნება ნოემბრის ბოლოს, - ამის შესახებ ტვ. „პირველის“ ეთერში ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ეს ორი უწყება ამბობს, რომ იქნება დღეში 4000-მდე ახალი შემთხვევა. „დღესაც კლინიკური სექტორი მუშაობს უკვე გადაძაბვით. თქვენ ხედავთ ამას. ვიღაცასთან სასწრაფო აგვიანებს, ვიღაცას ტესტი უგვიანდება. ამას განგებ არავინ აკეთებს, გადაიძაბა სისტემა. თუმცა ნახეთ რა ხდება უცხოეთში. კორონავირუსის მეორე ტალღამ პრობლემები ევროპის ქვეყნების ჯანდაცვის სისტემებსაც შეუქმნა. ადამიანები ხშირად სამედიცინო მომსახურების გარეშე რჩებიან“,- აღნიშნა ცერცვაძემ.
მისი თქმით, საქართველო ვირუსს წარმატებით მართავს. „არსებული სტატისტიკით, COVID19-ით საქართველოში ჯანდაცვის სისტემის მიღმა მხოლოდ 6 ადამიანი გარდაიცვალა“, - აღნიშნა ცერცვაძემ.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 73 154 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 55 511-ს შეადგენს. გარდაიცვალა 636 მოქალაქე.
კარანტინის რეჟიმშია 2 447 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 4 957 ადამიანი, კოვიდ სასტუმროში კი 3 413 პაციენტი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
.