Microsoft: რუსმა ჰაკერებმა კორონავირუსის ვაქცინაზე მომუშავე ორგანიზაციებზე კიბერშეტევები განახორციელეს

Microsoft: რუსმა ჰაკერებმა კორონავირუსის ვაქცინაზე მომუშავე ორგანიზაციებზე კიბერშეტევები განახორციელეს

კომპანია Microsoft-ის მტკიცებით, რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის დავალებით მოქმედმა ჰაკერებმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაზე მომუშავე 7 ორგანიზაციაზე კიბერშეტევები განახორციელეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

Microsoft-ის ინფორმაციით, ფარმაცევტული კომპანიების ქსელებს გატეხვას დაჯგუფება Fancy Bear-ი ცდილობდა, რომელიც, სავარაუდოდ რუსეთის მთავარ სადაზვერვო სამმართველოზე (გრუ) მუშაობს. Fancy Bear-თან ერთად კიბერშეტევებში კი ჩრდილოკორეელი ჰაკერების დაჯგუფებები - Zinc და Cerium მონაწილეობდნენ.

კანადურ, ფრანგულ, ინდურ, სამხრეთკორეულ და ამერიკულ კომპანიებზე განხორციელებული კიბერშეტევების უმეტესობა წარუმატებელი იყო, თუმცა ჰაკერების ზოგიერთმა მცდელობამ შედეგი მაინც გამოიღო. კომპანიების დასახელებისა და კიბერშეტევების შესახებ დამატებითი ინფორმაციის გავრცელებისგან Microsoft-ი თავს იკავებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ მიიჩნია. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.