ამირან გამყრელიძე: ნებისმიერი დიდი თავშეყრა იქნება ეს პოლიტიკოსების თუ არაპოლიტიკოსების, კორონავირუსის შემთხვევების ზრდის მომატებული რისკია

ამირან გამყრელიძე: ნებისმიერი დიდი თავშეყრა იქნება ეს პოლიტიკოსების თუ არაპოლიტიკოსების, კორონავირუსის შემთხვევების ზრდის მომატებული რისკია

გამოხატვის უფლება ერთ-ერთი მთავარია, თუმცა ამაზე წინ ადამიანების სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლება დგას, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„დღეს ქვეყანაში ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით რთული მდგომარეობაა ზოგადად. ამას ემატება მიმდინარე პოლიტიკური პროცესი. დარწმუნებული იყავით, დღეს პოლიტიკური პროცესი საერთოდ რომ არ იყოს ქვეყანაში, ანუ არჩევნების პერიოდში არ ვიყოთ, ბევრი რამის უფრო აქტიურად გაკეთება იქნებოდა შესაძლებელი. ერთ-ერთი მთავარი, რასაც ხშირად ვაჟღერებთ დიდი თავყრილობებისგან თავის შეკავება გახლავთ, რომელიც რისკებს ზრდის. ნებისმიერი დიდი თავშეყრა იქნება ეს პოლიტიკოსების თუ არაპოლიტიკოსების, რა თქმა უნდა, შემთხვევების ზრდის მომატებული რისკია. პოლიტიკურ პროცესს ვერავინ შეაჩერებს, თუმცა გთხოვთ, მაქსიმალურად დავიცვათ წესები. გამოხატვის უფლება რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მთავარია, თუმცა ამაზე წინ მე მგონი დგას ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლება, ამიტომ გავაანალიზოთ ეს ყველაფერი და ისე მივიღოთ გადაწყვეტილება “,-აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 73 154 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 55 511-ს შეადგენს. გარდაიცვალა 636 მოქალაქე. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.