ყველგან, იქნება ეს ამერიკის შეერთებული შტატები თუ საქართველო, მხოლოდ კანონის უზენაესობის მიუკერძოებელი გატარებით არის შესაძლებელი არჩევნებთან დაკავშირებული დავების გადაწყვეტა ისე, რომ არ შეირყეს საზოგადოებრივი ნდობა დემოკრატიული ინტიტუტების მიმართ. ამერიკის შეერთებული შტატები ერთ-ერთი უძველესი დემოკრატიაა მსოფლიოში, საქართველო კი ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა - აქ დამოუკიდებლობისა და დემოკრატიის აღდგენის შემდეგ 30 წელიც არ გასულა, თუმცა ორივე ქვეყანა მსგავსი გამოწვევების წინაშე დგას: ახლახან ჩატარებული არჩევნების შემდეგ ორივე დგას მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე ამ არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით,- კვლევითი ცენტრი ,, CEPA“სტატიას სახელწოდებით ,, საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ კანონის უზენაესობა უმთავრესია“ აქვეყნებს.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, მნიშვნელოვანია, რომ როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისე საქართველოში ყველა საჩივარზე გადაწყვეტილების მიღებისას გამარჯვებული უნდა იყოს კანონის უზენაესობა.
ავტორის თქმით, მხოლოდ კანონის სამართლიან გატარებას შეუძლია საზოგადოების დარწმუნება, რომ არჩევნების შედეგები მისაღებია.
,,აშშ-ში არჩევნები გაიმართა 2020 წლის 3 ნოემბერს, ხუთშაბათს , არჩევნების ღამეს მხარეთა ბედი სასწორზე ეკიდა, ხოლო საარჩევნო კოლეგიები ჯერ არ იყვნენ ჩამოყალიბებულნი საბოლოო შედეგებზე. მომდევნო დღეებში, როცა დაითვალეს ფოსტით გაგზავნილი საარჩევნო ბიულეტენები, აღმოჩნდა, რომ ყოფილ ვიცეპრეზიდენტს, ჯო ბაიდენს მეტი ხმა ჰქონდა მიღებული, ვიდრე პრეზიდენტ ტრამპს, შტატების საკმარის რაოდენობაში, რათა მოეპოვებინა საარჩევნო კოლეგიების ხმათა უმრავლესობა. 2020 წლის 7 ნოემბერს მედიასაშუალებებმა იგი გამარჯვებულად გამოაცხადეს. მიუხედავად ამისა, პრეზიდენტმა ტრამპმა არჩევნებში თავი დამარცხებულად არ ცნო და მის საარჩევნო შტაბს შეაქვს სარჩელი რამდენიმე შტატში, სხვადასხვა სახის სავარაუდო დარღვევების საფუძველზე (მათ შორის დარღვევები ხმის მიცემისას და ხმების დათვლისას). ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარეობს დავა არჩევნების შედეგებთან დაკავშრებით. საქართველოში კი ოპოზიცია აცხადებს, რომ ასობით საარჩევნო უბანზე მოხდა სერიოზული დარღვევები, მათ შორის მოსყიდვა, ამომრჩეველთა დაშინება და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება მმართველი პარტიის სასარგებლოდ. გაჟღერდა ათასობით ინდივიდუალური პრეტენზია და საჩივარი. ოპოზიციამ უარი თქვა არჩევნების შედეგების აღიარებაზე და მათ საფუძველზე მიღებულ საპარლამენტო მანდატებზე და წამოიწყო საპროტესტო აქციები ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით. როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისე საქართველოში, უცნობია, მოხდება თუ არა არჩევნების შედეგებში რაიმე არსებითი ცვლილება იმ შემთხვევაშიც კი, თუ საჩივრების საფუძვლიანობა დადასტურდება/დასაბუთდება და მიღებული იქნება შესაბამისი კორექციის ზომები, მაგრამ ეს არ არის მთავარი - ორივე ქვეყანაში არსებობს კანონები და რეგულაციები, რომლებიც მიიღეს არჩევნებამდე ბევრად ადრე და რომლებითაც იმართება ეს არჩევნები. არსებობს მტკიცებულების სტანდარტები, არსებობს სასამართლოები და გამჭვირვალე სასამართლო პროცედურები. გაჩაღდება ცხარე ბრძოლა - და ეს ასეც უნდა იყო და სწორედ ამას უნდა ითხოვდნენ ამომრჩევლები, რომლებსაც ეჭვი ეპარებათ არჩევნების სამართლიანობაში. მაგრამ, საბოლოოდ, მნიშვნელოვანი ის არის, რომ ყველა საჩივარზე გადაწყვეტილების მიღებისას გამარჯვებული უნდა იყოს კანონის უზენაესობა. ამას დრო და რესურსები შეიძლება დასჭირდეს. რა თქმა უნდა, სასამართლოზეც შეიძლება განხორციელდეს პოლიტიკური ზეწოლა - ბრალდებები ამ მხრივ ორივე ქვეყანაში გვხვდება. მაგრამ ჯამში მხოლოდ კანონის სამართლიან გატარებას შეუძლია მთლიანად საზოგადოების (და არა მისი გამარჯვებული ნახევრის) დარწმუნება, რომ არჩევნების შედეგები მისაღებია, რომ აუცილებელია ნდობის აღდგენა და კიდევ ერთხელ ყურადღების გამახვილება, ზოგადად, ქვეყნის საჭიროებებზე. ეს ეხება ყველას, იქნება ეს ამერიკის შეერთებული შტატები თუ საქართველო“,- აღნიშნულია სტატიაში.
https://cepa.org/after-the-voting-stops-the-rule-of-law-is-what-matters/?fbclid=IwAR3PLXwdsAGEODaEwAdLbtxuJ3w13kFw1LVQpXbflNbYAyd9LzZECJf6Bk