გიორგი შაქარაშვილის ოჯახი 6 ბრალდებულის მიმართ გამოტანილ განაჩენს ობიექტურს უწოდებს

გიორგი შაქარაშვილის ოჯახი 6 ბრალდებულის მიმართ გამოტანილ განაჩენს ობიექტურს უწოდებს

გიორგი შაქარაშვილის ოჯახი თვლის, რომ განაჩენი ობიექტურია. იმედი გვაქვს, რომ სხვა ეპიზოდებთან დაკავშირებითაც ასეთივე ობიექტური განაჩენები დადგება, - ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მირიან ნიკოლაძემ განაცხადა.

„ოჯახი თვლის, რომ განაჩენი ობიექტურია. ოჯახს სასამართლოს ობიექტურობის იმედი ჰქონდა. ყველა წაყენებულ ეპიზოდში ბრალდებულების გამტყუნება არის სამართლიანი. იმედი გვაქვს, რომ სხვა ეპიზოდებთან დაკავშირებითაც ასეთივე ობიექტური განაჩენები დადგება. რაც შეეხება სასჯელის ნაწილს, რა თქმა უნდა, არასრულწლოვნების მართლმსაჯულების კოდექსი აწესებს გარკვეულ შეზღუდვებს, შესაბამისად, ვიტოვებთ იმედს, რომ ამ კუთხითაც სასჯელი ობიექტური იქნება“, - განაცხადა ნიკოლაძემ.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 6 ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო. სასჯელის დანიშვნის სხდომა 20 ნოემბერს, 14:00 საათზე გაიმართება.

19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

28 ივნისს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლებრივი დევნა ხუთი პირის მიმართ დაიწყო. გენპროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე 11 ბრალდებულის საქმე ცალკე წარმოებად გამოყო.

10 ივლისს პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ამასთან, ექსპერტიზის დასკვნით გაირკვა, რომ მას გარდაცვალებამდე მკვრივი-ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები აქვს.