გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორი: წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იძლეოდა სხვა შესაძლებლობას, გარდა - გამამტყუნებელი განაჩენისა

გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორი: წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იძლეოდა სხვა შესაძლებლობას, გარდა - გამამტყუნებელი განაჩენისა

რა თქმა უნდა, გვქონდა გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი, ვინაიდან იმ მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე, რომელიც გამოვიკვლიეთ და რომელსაც სასამართლომ მოუსმინა, სხვა გონივრული მოლოდინი, გარდა გამამტყუნებელი განაჩენისა, წარმოუდგენელი იყო, - განაცხადა პროკურორმა, ნანა გუგუტიშვილმა მცხეთის რაიონულ სასამართლოს მიერ, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ.

„წარმოდგენილი მტკიცებულებები აშკარა და დამაჯერებელი იყო ყველა წარდგენილი ბრალდების მიმართ. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ვეთანხმებით აღნიშნულ განაჩენს და მიგვაჩნია, რომ ეს იყო სწორი, კანონიერი გადაწყვეტილება. თუკი სასამართლო სხვაგვარ გადაწყვეტილებას გამოიტანდა, ის იქნებოდა არაკანონიერი გადაწყვეტილება, ვინაიდან, ამის საფუძველს მტკიცებულებები არ იძლეოდა“, - განაცხადა პროკურორმა.

ნანა გუგუტიშვილმა, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ, რომ სასამართლო საზოგადოების გავლენის ქვეშ მოექცა, განაცხადა, რომ ამას სრულიად გამორიცხავს.

„ადვოკატების აღნიშნული პოზიციას არ ვიზიარებ. ისინი პროცესების შემდეგ გამოდიოდნენ და მედიასთან აკეთებდნენ არასწორ განმარტებას, საკუთარი ინტერპრეტაციით, ისეთ ფაქტებზე, რომლებიც ვიდეოკამერებით იყო დაფიქსირებული და ამ ფაქტებს უარყოფდნენ. შესაბამისად, ეს მათი პოზიციაა, რომელიც არ დასტურდება არცერთი მტკიცებულებით. წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იძლეოდა სხვა შესაძლებლობას, გარდა - გამამტყუნებელი განაჩენისა, რადგან არაერთი პირის, არაერთი მოწმის ჩვენება, სხვადასხვა ნივთიერი მტკიცებულება, ვიდეოჩანაწერები იყო წარმოდგენილი. ეს მასალა იყო ურთიერთშეთანხმებული და შეჯერებული. ვერ წარმომიდგენია, რატომ იყო დაცვის მხარისთვის ეს გამამტყუნებელი განაჩენი მოულოდნელი.

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული პირები - ზ.ხ., აკაკი ქვრივიშვილი, ნიკოლოზ ცუცქირიძე, ლაშა შერმადინი, გიორგი მერაბიშვილი და ნიკოლოზ ქანაშვილი, მცხეთის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე მაია ოშხარელმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. სასჯელის დანიშვნის სხდომა 20 ნოემბერს, 14:00 საათზეა ჩანიშნული.

19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

28 ივნისს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლებრივი დევნა ხუთი პირის მიმართ დაიწყო. გენპროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე 11 ბრალდებულის საქმე ცალკე წარმოებად გამოყო.

10 ივლისს პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ამასთან, ექსპერტიზის დასკვნით გაირკვა, რომ მას გარდაცვალებამდე მკვრივი-ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები აქვს.