საქართველოს და ჩრდილოეთ მაკედონიის საფეხბურთო მატჩის დროს გუშინ დაჯარიმებულ პირს სავარაუდოდ ჯარიმის გადახდა არ მოუწევს. ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს.
კალაძე საფეხბურთო მატჩს სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ გუშინ ძალიან ახლოს ვიდექით ჩვენი 30-წლიანი საფეხბურთო ოცნების ახდენასთან, ევროპის ჩემპიონატზე თამაშთან.
რაც შეეხება სტადიონზე მის ყოფნას, კალაძე ამბობს, რომ ის უეფას დელეგაციის და ფეხბურთის ფედერაციის მიერ მიწვეული იყო მიწვეული სხვა ვეტერან ფეხბურთელებთან ერთად.
„სტადიონზე ვიმყოფებოდი ჩემი განვლილი ცხოვრებიდან და საფეხბურთო კარიერიდან გამომდინარე და არა როგორც პოლიტიკოსი ან ქალაქის მერი. ეს არ იყო არც რაიმე სახის პრივილეგია, „ჩაწყობა", "ჩინოვნიკობა", ან რამე უკანონო ქმედება. უეფასგან და ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან მივიღე მოსაწვევი, როგორიც ყველა სხვა მატჩეზეც მომდის-ხოლმე. ეს მოსაწვევი დამატებით სამი პირის თანხლების უფლებას მაძლევდა.
უცნაური ის იქნებოდა მე და სხვა ვეტერანი ფეხბურთელები, ბიჭების გვერდში, რომ არ ვმდგარიყავით ამ უმნიშვნელოვანეს წუთებში. აქვე, მინდა შევეხო ჩემი უფროსი შვილის, ლევანის ტრიბუნაზე ყოფნის ფაქტსაც. ვისაც გული დაწყდა ამ კადრის დანახვისას, განგიმარტავთ, რომ ყოველთვის, ძალიან პატარა ასაკიდან, ჩემი შვილი ლევანი პრაქტიკულად ყველა მატჩზე თან მახლავს და ინერციით გუშინაც ერთად მივედით ამ უმნიშვნელოვანეს მატჩზე.
ალბათ, მეტად უნდა გამეთვალისწინებინა რეგულაციებიდან გამომდინარე შექმნილი განსაკუთრებული ვითარება, თუმცა ჩემთვის გუშინ იმდენად ემოციური დღე იყო ამ საკითხზე სამწუხაროდ ყურადღება აღარ გამიმახვილებია. ამის გამო, ბევრმა, ჩემი პოლიტიკური დატვირთვით გაკრიტიკება გადაწყვიტა, რაც ნამდვილად უადგილოა. სპორტი ყველას გვაერთიანებს და მოდით აქ მაინც ნუ შემოვიტანთ პოლიტიკას.
რაც შეეხება იმ ადამიანებს, ვინც გულწრფელად გამაკრიტიკა და გულისწყვეტა გამოხატა, თითოეულ მათგანს ბოდიშს ვუხდი ამ უნებური შეცდომისთვის.კიდევ ერთხელ მინდა გავამხნევო ნაკრების ბიჭები და გულშემატკივარი. მჯერა, რომ ერთად დგომით და ერთმანეთის გულშემატკივრობით დიდ გამარჯვებებს მივაღწევთ!" - აღნიშნულია კალაძის განცხადებაში.