ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს ეროვნულ არქივთან ერთად ლევილის მამულის ისტორიასთან დაკავშირებულ ორენოვან (ქართულ-ფრანგული) წიგნს გამოსცემს. წიგნი ქართული ემიგრაციის 1921-2016 წლების პერიოდს მიეძღვნება და მასში აღწერილი იქნება ლევილის ქართული მამულის ისტორია - პირველი ემიგრაციის ჩასვლიდან, მამულის საქართველოსთვის გადმოცემამდე პერიოდში. წიგნის ავტორია საფრანგეთში ქართული ემიგრაციის წარმომადგენლების ნოე რამიშვილისა და მამია ბერიშვილის შთამომავალი ტიერი ბერიშვილი და მისი საშუალებით, მკითხველი ქართველთა მამულში განვითარებულ პოლიტიკურ თუ ყოველდღიურ ისტორიებს გაეცნობა.
წიგნი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ეროვნულ არქივს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში გამოიცემა, რომელსაც ხელი თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა მოაწერეს.
თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის ინფორმაციით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ეროვნულ არქივს მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებთ. „თსუ-მ ეროვნულ არქივთან ერთად არაერთი პროექტი განახორციელა, მათ შორის იყო ნოე რამიშვილის სამენოვანი - ქართულ-ფრანგულ-ინგლისური ალბომი, რომელიც საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავს მიეძღვნა. დღევანდელი მემორანდუმის ფარგლებში კი, ვაპირებთ გამოვცეთ ლევილის მამულთან დაკავშირებული ორენოვანი წიგნი, რომელიც ძალიან საინტერესო გამოცემა იქნება და მკითხველი ბევრ სიახლეს აღმოაჩენს ჩვენს უახლეს ისტორიასთან დაკავშირებით,“ - განაცხადა თსუ რექტორმა.
საქართველოს ეროვნული არქივის გენერალური დირექტორის თეონა იაშვილის თქმით, გაფორმებული მემორანდუმი იმ მრავალწლიანი ურთიერთობის გაგრძელებაა, რომელიც საქართველოს ეროვნულ არქივსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს აქვს. „ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში გამოიცა არაერთი წიგნი, ჩატარდა კონფერენციები და გამოფენები. დღეს კი, ხელი მოვაწერეთ მემორანდუმს, რომლის კონკრეტული მიზანიც კიდევ ერთი ძალიან საინტერესო, ორენოვანი წიგნის გამოცემაა,“ - აღნიშნა თეონა იაშვილმა.
ლევილის მამული საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკისა და მომდევნო პერიოდის შესახებ უამრავ მოგონებას, ინფორმაციას ინახავს. მათი გაცნობა უმნიშვნელოვანესია როგორც პირველი რესპუბლიკის თემის შემსწავლელი მკვლევრებისთვის და პოლიტიკური ემიგრაციის ისტორიით დაინტერესებული ნებისმიერი პირისთვის, ასევე, ამ პერიოდის ისტორიის პოპულარიზაციისთვის.
თსუ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის ზურაბ გაიპარაშვილის თქმით, გამოცემა, რომელიც წლების განმავლობაში მზადდებოდა, საკმაოდ მოცულობითი იქნება, როგორც ისტორიული ფაქტებით, ისე ფოტო დოკუმენტებით. „წიგნში მოთხრობილი იქნება ლევილის მამულის ისტორია იმ დღიდან მოყოლებული, რაც ის ემიგრაციაში წასულმა საქართველოს მთავრობამ შეიძინა, დამთავრებული დღევანდელობამდე, როდესაც იგი ემიგრანტების შთამომავლების ნებით, საქართველოს გადმოეცა. ლევილის მამული საფრანგეთში მცხოვრებ ემიგრანტთა ცხოვრებასთან გადაჯაჭვულია, აქედან გამომდინარე, ეს არ არის მხოლოდ ერთი მამულის ისტორია. გამოცემა უაღრესად საინტერესო იქნება ემიგრანტული ისტორიით დაინტერესებული მკვლევრებისათვის,“ - აღნიშნა ზურაბ გაიპარაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ 2016 წელს ხელი მოეწერა „ლევილის შატოსა და მამულის“ საქართველოსთვის გადმოცემის აქტს, რომლითაც დასრულდა 25-წლიანი ისტორიული პროცესი და მამული საქართველოს გადმოეცა.