ფილიპ ბრიდლავი: 31 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები იყო ღია, გამჭვირვალე და საყოველთაოდ აღიარებული

ფილიპ ბრიდლავი: 31 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები იყო ღია, გამჭვირვალე და საყოველთაოდ აღიარებული

“საქართველო წარმატების ისტორიაა, მაგრამ აშშ-ის ჩართულობა მაინც აუცილებელია“, - ამერიკელი გენერლის, ფილიპ ბრიდლავის სტატიას ამ სათაურით გამოცემა National Interest-ი აქვეყნებს.

„მაშინ, როცა მთელი ამერიკის ყურადღება მიპყრობილია 3 ნოემბერს დანიშნული არჩევნებისკენ, 5 000-ზე მეტი მილის დაშორებით, სამხრეთ კავკასიაში, საქართველოს მოქალაქეებმა მონაწილეობა მიიღეს 31 ოქტომბერს გამართულ არჩევნებში. მართალია, შედეგები მოულოდნელი არ იყო, რადგან არჩევნებში გაიმარჯვა ქართული ოცნების მმართველმა პარტიამ, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ თავად არჩევნები შეგვახსენებს, რომ საქართველო დღესაც წარმოადგენს დემოკრატიის წარმატების ისტორიას. საქართველოს წარმატება კი მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატებისთვის“, - წერს ბრიდლავი.

მისი თქმით, ქვეყანა რეგიონის ლიდერია დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების კუთხით, ასევე აშშ-ის ერთგულ მოკავშირე და სტრატეგიულ პარტნიორია, რომელსაც, სამხედრო კონტინგენტის თვალსაზრისით, 2003 წლიდან მოყოლებული მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ამერიკის ყველა სამხედრო ოპერაციაში. აშშ-საქართველოს სამხედრო პარტნიორობა აქტიური და ღრმაა. საქართველო ასევე არის ნატოს ასპირანტი ქვეყანა, რომელიც უპირობოდ უზრუნველყოფს თავისი სამხედრო ძალების ჩართულობას სამხედრო ოპერაციებში.

„გარდა ამისა, იმ დროს, როცა ამერიკის შეერთებული შტატებში სულ უფრო აქტიურად მიმდინარეობს საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის როლის გადაფასება, საქართველო არის ძლიერი მაგალითი იმისა, თუ რის მიღწევაა შესაძლებელი ამერიკის მდგრადი მხარდაჭერით. აშშ-მა მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ფინანსური რესურსები ჩადო საქართველოში და არსებითად მნიშვნელოვანია, რომ მისი ჩართულობა გაგრძელდეს, რათა უზრუნველყოფილი იყოს სუვერენული ქართული სახელმწიფოს წარმატება დემოკრატიისა და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პრინციპების საფუძველზე. 31 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები (პირველი არჩევნები ახლახან გატარებული საარჩევნო სისტემის რეფორმის შემდეგ) იყო ღია, გამჭვირვალე და საყოველთაოდ აღიარებული, ისევე როგორც წარმატებული“, - მიიჩნევს ავტორი.

გენერლის თქმით, „ქართული ოცნების“ გამარჯვება პირველი შემთხვევაა ქვეყნის დემოკრატიული ისტორიაში, როცა მმართველი პარტია მესამედ აირჩიეს. მისი აზრით, ეს მკაფიოდ გამოხატავს ამომრჩეველთა მხარდაჭერას საქართველოსა და დასავლეთს (განსაკუთრებით ევროკავშირს, ნატოსა და აშშ-ს) შორის კიდევ უფრო მჭიდრო კავშირების დამყარების მიმართ და რუსეთის მხრიდან ძალისხმევის უარყოფას, რომელიც გამიზნულია ქვეყნის დესტაბილიზაციისა და საარჩევნო პროცესის კომპრომეტირებისკენ.

„მართალია, საქართველოს პოლიტიკური დინამიკა დაძაბულია და ქვეყანა პოლარიზებულია, მაგრამ თავად პოლიტიკური პროცესი დღესაც აქტიურია. მედიაგარემო ღია და მრავალფეროვანია და თითქმის ყველა პოლიტიკურ პარტიას ქვეყანაში (და, ეჭვგარეშე, ყველა მთავარი ოპოზიციურ პარტიას) აქვს საკუთარი მედიასაშუალება. ეს მედიასაშუალებები ხშირად აკრიტიკებენ მთავრობის პოზიციას და ღიად გამოთქვამენ თავიანთ მოსაზრებებს სხვადასხვა სატელევიზიო არხითა თუ სხვა საშუალებებით. მართალია, არჩევნები დაემთხვა რთულ გლობალურ და რეგიონალურ ფონს, მაგრამ საქართველოს მთავრობამ წარმატებით უპასუხა კორონავირუსის პანდემიას და სათანადოდ გაართვა თავი საერთაშორისო ურთიერთობებს, განსაკუთრებით მეზობელ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე კონფლიქტთან დაკავშირებულ საკითხებს. აღსანიშნავია თბილისის შეთავაზება მთიანი ყარაბაღის სადაო ტერიტორიების გამო მიმდინარე კონფლიქტის გადაჭრაში შუამავლობასთან დაკავშირებით, რასაც სათანადო დაფასება მოჰყვა ვაშინგტონის მხრიდან. როგორც 31 ოქტომბრის არჩევნებმა კიდევ ერთხელ ცხადყო, საქართველო არის დემოკრატიული განვითარების, ასევე აშშ-ის მხრიდან გრძელვადიანი დახმარების შედეგად მიღწეული წარმატების ისტორია. საქართველო დგას სწორ გზაზე და მისი წინსვლის გაგრძელება მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს აშშ-ს, თუმცა ამისთვის აუცილებელია ჩართულობის გაგრძელება და შემდგომი განმტკიცება“, - წერს ბრიდლავი.

საარჩევნო უბნებზე ხმების 100% დათვლილია. შედეგები ასეთია: „ქართული ოცნება“ - 48,15 %; „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია“ - 27,14%; „ევროპული საქართველო“ - 3.78%; „ლელო“ – 3,15%; „პატრიოტთა ალიანსი“ – 3,14%; „სტრატეგია აღმაშენებელი“ –3,15 %; „გირჩი“ – 2,89%; „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ – 1,33%; „ლეიბორისტული პარტია“ – 1%. რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს, მათ ამომრჩეველთა ხმების ერთ პროცენტზე ნაკლები აქვთ.

საერთაშორისო დამკვირვებლებმა დაადასტურეს, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე ფუნდამენტური თავისუფლება და პროცედურების უმეტესობა დაცული იყო.