ირაკლი კობახიძე ოპოზიციის პარლამენტში შესვლაზე: მოლოდინი არის ძალიან პოზიტიური და ამას აქვს კონკრეტული საფუძველი

ირაკლი კობახიძე ოპოზიციის პარლამენტში შესვლაზე: მოლოდინი არის ძალიან პოზიტიური და ამას აქვს კონკრეტული საფუძველი

მოლოდინი არის ძალიან პოზიტიური და ამას აქვს კონკრეტული საფუძველი, - ასე უპასუხა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვას ოპოზიციის პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა არც ის გამორიცხვა, რომ მმართველი გუნდი ოპონენტებთან მოლაპარაკებებს ახორციელებს.

„ჩვენ ვისთან გვაქვს, რა გვაქვს და გვაქვს თუ არა, ეს ცალკე საკითხია, მაგრამ რაც შეეხება მოლოდინს, მოლოდინი არის ძალიან პოზიტიური და ამას აქვს კონკრეტული საფუძველი. რა შეიძლება იყოს საფუძველი, ამაზე თავად იმსჯელეთ. ერთი პარტიით დაკომპლექტებული პარლამენტი არ ვარგა და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეს ასე არ იქნება“, - განაცხადა კობახიძემ.

საარჩევნო უბნებზე ხმების 100% დათვლილია. შედეგები ასეთია: „ქართული ოცნება“ - 48,15 %; „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია“ - 27,14%; „ევროპული საქართველო“ - 3.78%; „ლელო“ – 3,15%; „პატრიოტთა ალიანსი“ – 3,14%; „სტრატეგია აღმაშენებელი“ –3,15 %; „გირჩი“ – 2,89%; „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ – 1,33%; „ლეიბორისტული პარტია“ – 1%. რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს, მათ ამომრჩეველთა ხმების ერთ პროცენტზე ნაკლები აქვთ.

საერთაშორისო დამკვირვებლებმა დაადასტურეს, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე ფუნდამენტური თავისუფლება და პროცედურების უმეტესობა დაცული იყო.

ოპოზიციურმა პარტიებმა კი ოფიციალური დოკუმენტი მიიღეს და ხელმოწერით დაადასტურეს, რომ პარლამენტში არ შევლენ.