მადლობა გადავუხადეთ ჩვენს მეგობრებს მათ მიერ გაწეული სამუშაოსა და ძალიან პოზიტიური დასკვნისთვის. მათ კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი საერთო დასკვნას, რომ არჩევნები იყო კონკურენტული და ადამიანის ფუნდამენტური უფლებები იყო დაცული, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძე, ეუთო/ოდირის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, საუბრისას „ქართულმა ოცნებამ“ გამოთქვა იმედი, რომ ყველა პოლიტიკური პარტია საბოლოო ჯამში მე-10 მოწვევის პარლამენტში იქნება წარმოდგენილი.
„მადლობა გადავუხადეთ ჩვენს მეგობრებს მათ მიერ გაწეული სამუშაოსა და ძალიან პოზიტიური დასკვნისთვის. მათ კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი საერთო დასკვნას, რომლის მიხედვითაც არჩევნები იყო კონკურენტული და ადამიანის ფუნდამენტური უფლებები იყო დაცული და ამ ფუნდამენტურ უფლებებში შედის უფლება თავისუფალ არჩევანზე. ეს უფლებები იყო გარანტირებული და აქედან გამომდინარე მათი დასკვნაც იყო დადებითი. ჩვენ ეუთო/ოდირის წარმომადგენლებს ასევე მივაწოდეთ ინფორმაცია იმის შესახებ, რაც წარიმართება საარჩევნო ადმინისტრაციაში ოქმების დაზუსტებასთან დაკავშირებით და ვთქვით, რომ ეს პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარიმართება და ასევე გავუზიარეთ ჩვენი მოსაზრებები პარტიების პოზიციასთან დაკავშირებით. ჩვენ გამოვთქვით იმედი, რომ ყველა პოლიტიკური პარტია საბოლოო ჯამში წარმოდგენილი იქნება მე-10 მოწვევის პარლამენტში“, - განაცხადა კობახიძემ.
საარჩევნო უბნებზე ხმების 100% დათვლილია. შედეგები ასეთია: „ქართული ოცნება“ - 48,22%; „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია“ - 27,18%; „ევროპული საქართველო“ - 3.79%; „ლელო“ – 3,16%; „პატრიოტთა ალიანსი“ – 3,14%; „სტრატეგია აღმაშენებელი“ –3,15 %; „გირჩი“ – 2,89%; „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ – 1,33%; „ლეიბორისტული პარტია“ – 1%. რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს, მათ ამომრჩეველთა ხმების ერთ პროცენტზე ნაკლები აქვთ.
საერთაშორისო დამკვირვებლებმა დაადასტურეს, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე ფუნდამენტური თავისუფლება და პროცედურების უმეტესობა დაცული იყო.