დღეს სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია გაიხსნება, რომელზეც ქართული საპარლამენტო დელეგაცია ახალი შემადგენლობით წარსდგება. სესიაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი თემა იქნება განხილული, მათ შორის რუსეთ-საქართველოს საკითხი. დღის წესრიგით გათვალისწინებულია მსჯელობა რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაზარალებულ რაიონებში არსებული ჰუმანიტარული მდგომარეობის შესახებ. ამ თემაზე შვედ დეპუტატს ტინა აკეტოფტს მოხსენება აქვს მომზადებული, რომელსაც წინასწარი ინფორმაციით, რუსული დელეგაცია გააპროტესტებს. საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოვა საქართველოს პრეზიდენტი. პარლამენტარების წინაშე წარდგება ევროკომისარი შტეფან ფულე, იტალიის იუსტიციის მინისტრი პაოლო სევერინო და ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ტორბიორნ იაგლანდი. რუსული სააგენტოები ავრცელებენ ასევე რუსული დელეგაციის ხელმძღვანელის განცხადებას იმის შესახებ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუს და ქართველ დეპუტატებს შორის შეხვედრა უნდა გაიმართოს, რომელიც ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ურთიერთობის ნორმალიზებას.