საარჩევნო შედეგებში დაფიქსირდება ზუსტად ისეთი მონაცემები, როგორი ნებაც გამოხატა საქართველოს მოსახლეობამ და ყოველი ხმა იქნება დაცული. არც ერთი ხმა არ შეიძლება გაყალბდეს. ამის გარანტი იქნება ხელისუფლება, რომელმაც წარსულს ჩავაბარეთ გაყალბებები, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი კახიანი საქართველოს პარლამენტის არჩევნებსა და ოპოზიციის ბრალდებებს.
„მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნებაა“ ხელისუფლებაში, საქართველოში გაყალბებები არ ხდება და არც მოხდება. მოსახლეობის ნება სრულად იქნება ციფრებში ასახული. თუ დარღვევის ცალკეული ფაქტი იყო, უნდა არსებობდეს ამის დამადასტურებელი ფაქტი, შესაბამისი საჩივარი. ცალკეულ შემთხვევებს არავინ გამორიცხავს. ამ საარჩევნო პროცესში იყო ათი ათასობით ადამიანი ჩართული. ამას გარდა, ამ პროცესში ჩართულნი იყვენ პარტიების აქტივისტებიც. ბუნებრივია, ცალკეული შემთხვევების გამორიცხვა არ შეიძლება, მაგრამ არჩევნები ჩატარდა თავისუფალ, კონკურენტულ გარემოში. ამას მე არ ვამბობ. ეს თქვეს ეუთო/ოდირის დამკვირვებლებმა“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.
საარჩევნო უბნებზე ხმების 100% დათვლილია. შედეგები ასეთია: „ქართული ოცნება“ - 48,15 %; „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია“ - 27,14%; „ევროპული საქართველო“ - 3.78%; „ლელო“ – 3,15%; „პატრიოტთა ალიანსი“ – 3,14%; „სტრატეგია აღმაშენებელი“ –3,15 %; „გირჩი“ – 2,89%; „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ – 1,33%; „ლეიბორისტული პარტია“ – 1%. რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს, მათ ამომრჩეველთა ხმების ერთ პროცენტზე ნაკლები აქვთ. საერთაშორისო დამკვირვებლებმა დაადასტურეს, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე ფუნდამენტური თავისუფლება და პროცედურების უმეტესობა დაცული იყო.
ოპოზიციის ნაწილი აქციებს აანონსებს. ისინი აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბებულია და ერთიან სამოქმედო გეგმაზე მსჯელობენ. მათი ერთ-ერთი სცენარი არის ის, რომ ბოიკოტი გამოაცხადონ, უარი თქვან მანდატებზე და არ შევიდნენ პარლამენტში.