გიორგი კახიანი: პარლამენტის ფუნქციონირებას, თუ ოპოზიცია მის ბლოკირებას გადაწვეტს, ხელი ვერანაირად ვერ შეეშლება

გიორგი კახიანი: პარლამენტის ფუნქციონირებას, თუ ოპოზიცია მის ბლოკირებას გადაწვეტს, ხელი ვერანაირად ვერ შეეშლება

იმედი მაქვს, ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფები სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ და ისინი დაუბრუნდებიან საარჩევნო პროცესს, რადგან ეს არის ერთადერთი კონსტიტუციური და კანონისმიერი გზა. მით უმეტეს, იმ ფონზე, როდესაც სრულიად საერთაშორისო თანამეგობრობამ ლეგიტიმურად ცნო არჩევნების შედეგები, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი კახიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მან სამართლებრივ მხარეზეც ისაუბრა. „სამართლებრივად მოხდება ის, რომ არჩევნები შედგება, მათ შორის ჩატარდება მეორე ტური. თეორიულად თუ დავუშვებთ, პარლამენტის ფუნქციონირებას, თუ ოპოზიცია მის ბლოკირებას გადაწვეტს, ხელი ვერანაირად ვერ შეეშლება. პარალამენტი ჩვეულებრივად იფუნქციონირებს. მაგრამ ეს არ არის მთავარი. მთავარია ოპოზიცია გონს მოეგოს და იმედი მაქვს, რომ ისინი მომავალში დაუბრუნდებიან კონსტრუქციულ რეჟიმს“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.

საარჩევნო უბნებზე ხმების 100% დათვლილია. შედეგები ასეთია: „ქართული ოცნება“ - 48,15 %; „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია“ - 27,14%; „ევროპული საქართველო“ - 3.78%; „ლელო“ – 3,15%; „პატრიოტთა ალიანსი“ – 3,14%; „სტრატეგია აღმაშენებელი“ –3,15 %; „გირჩი“ – 2,89%; „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ – 1,33%; „ლეიბორისტული პარტია“ – 1%. რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს, მათ ამომრჩეველთა ხმების ერთ პროცენტზე ნაკლები აქვთ. საერთაშორისო დამკვირვებლებმა დაადასტურეს, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე ფუნდამენტური თავისუფლება და პროცედურების უმეტესობა დაცული იყო.

ოპოზიციის ნაწილი აქციებს აანონსებს. ისინი აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბებულია და ერთიან სამოქმედო გეგმაზე მსჯელობენ. მათი ერთ-ერთი სცენარი არის ის, რომ ბოიკოტი გამოაცხადონ, უარი თქვან მანდატებზე და არ შევიდნენ პარლამენტში.