23 იანვარს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეხვდება. უწმინდესის განცხადებით, მას მოსკოვში ბევრ საყურადღებო საკითხზე ექნება მსჯელობა. ილია მეორე რუსეთის დედაქალაქში დღეს გაემგზავრა, იგეგმება მისი შეხვედრები როგორც სასულიერო პირებთან, ასევე რუს პოლიტიკოსებთან და ხელისუფლების წარმომადგენლებთან. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი რუსეთში მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის, მისი უწმინდესობა კირილის მიწვევით ჩადის. ილია მეორეს მოსკოვში "მართლმადიდებელ ხალხთა ერთობის ფონდი" პრემიით დააჯილდოვებს. ჯილდო მართლმადიდებელი ხალხების დამეგობრებაში შეტანილ განსაკუთრებულ წვლილს უკავშირდება. დაჯილდოების ცერემონია 21 იანვარს გაიმართება. მოსკოვში დაგეგმილ შეხვედრებზე ასევე განიხილება ორი ქართველი მეფის, ვახტანგ მეექვსისა და თეიმურაზ პირველის საქართველოში გადმოსვენების საკითხი. პატრიარქი საქართველოში 26 იანვარს დაბრუნდება.