იურიდიული ფირმა „ემ ქეი დი“-ს (https://mkdlaw.ge) უფროსი პარტნიორი დავით ძიძიგური და ამავე ფირმის უფროსი პარტნიორი, ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ გამგეობის თავმჯდომარე ვიქტორ ყიფიანი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ თსუ-სთან აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის უნივერსიტეტის მედლებით დააჯილდოვა.
თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, „წლების განმავლობაში ამ ფირმის ბაზაზე ფუნქციონირებს კლინიკა, სადაც ჩვენი სტუდენტები სტაჟირებას გადიან, წარმატებულები კი იღებენ „ემ ქეი დის“ სტიპენდიას. ეს არის საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება სახელმწიფო უნივერსიტეტმა ითანამშრომლოს კერძო სექტორთან. ამ ფირმის ხელმძღვანელები, ჩვენი კურსდამთავრებულები დავაჯილდოვეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი არ წყვეტენ კავშირს ალმა მატერთან, რათა მაქსიმალურად დაეხმარონ იმ უნივერსიტეტს და დარგის განვითარებას, სადაც მიიღეს განათლება.“
კომპანია „ემ ქეი დი“ უმაღლესი იურიდიული განათლების აქტიური მხარდამჭერია და მას მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტთან. ფაკულტეტის დეკანმა თამარ ზარანდიამ მადლობა გადაუხადა ვიქტორ ყიფიანსა და დავით ძიძიგურს პარტნიორობისთვის. „დიდი ხანია „ემ ქეი დი“ იურიდიული განათლების ძალიან აქტიური მხარდამჭერია. ეს იყო პირველი იურიდიული ფირმა, რომელმაც ჩვენი სტუდენტებისთვის დააწესა სტიპენდია. ასევე მათი გვერდში დგომით გამოვიდა სტუდენტური ჟურნალი „კერძო სამართლის მიმოხილვა.“ ძალიან ბევრი სხვადასხვა აქტივობა განხორციელდა მათი მხარდაჭერით,“- აღნიშნა თამარ ზარანდიამ.
„ემ ქეი დი“-ს უფროსმა პარტნიორებმა დავით ძიძიგურმა და ვიქტორ ყიფიანმა მადლობა გადაუხადეს უნივერსიტეტს მათი საქმიანობის დაფასებისთვის. „ბოლო ათი წელია, ჩვენთან ფუნქციონირებს იურიდიული ფაკულტეტის სამაგისტრო კლინიკა, რომლის მთავარი მიზანია განათლების მხარდაჭერა, იურიდიული პროფესიის პოპულარიზაცია და, ასევე, კურსდამთავრებულების ხელშეწყობა, რათა მათ გარკვეული ადაპტაცია გაიარონ და პრაქტიკაში გაუმკლავდნენ იმ გამოწვევებს, რაც ჩვენს საქმიანობას, კერძოდ საკონსულტაციო ბიზნესს ახასიათებს,“- აღნიშნა დავით ძიძიგურმა. „მადლიერების გრძნობით მინდა აღვნიშნო უნივერსიტეტის ჩვენდამი ასეთი დამოკიდებულება. ეს ჯილდო გვავალდებულებს, რომ უფრო მეტად დავიხარჯოთ უნივერსიტეტისთვის, თსუ-ს ახალგაზრდებისთვის,“- განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.
დაჯილდოების ღონისძიების შემდეგ ვიქტორ ყიფიანმა წაიკითხა მოხსენება თემაზე „საჯარო-კერძო თანამშრომლობის უპირატესობა სახელმწიფო გამოწვევების კვალდაკვალ: სინერგია და მისი შესაძლო ეფექტი პოსტპანდემიურ სინამდვილეში“. შეხვედრას იურიდიული ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი და სტუდენტები დაესწრნენ.
იურიდიული ფირმა „ემ ქეი დი“ (MKD Law) იყო პირველი კერძო კომპანია, რომელმაც დააწესა სტიპენდია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის წარჩინებული სტუდენტებისათვის და ასევე, ახორციელებს სამართლის ერთ-ერთ კლინიკას იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურის საფეხურზე. ამასთან, კომპანია თსუ იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებულების აქტიური და ხშირი დამსაქმებელია.