საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟის მიმართ, ოპოზიციის მიერ გააჟღერებულ ბრალდებებს, გიორგი გამსახურდია “რეგიონულ კვირასთან” ინტერვიუში ეხმაურება.
გასახურდია თვლის, რომ მისი სამეგრელოში ყოფნა ბევრს ყელში აქვს გაჩხერილი და ვინც სამეგრელოში კონსპირაციული შტაბების მოწყობაში ადანაშაულებს, პასუხს არჩევნებზე მიიღებს.
„ვინმე ქალბატონმა წითლიძემ ჯერ საიდუმლო შტაბების მოწყობაში დამადანაშაულა და ბნელ ოთახში შავი კატის ძებნა დაიწყო… არაფერს ვმალავ, ეს არის აბსოლუტურად ღია. მათი სიის ტოპ ათეულისგან განსხვავებით, ჩემს გვერდში არიან ადამიანები, რომლებიც, თავის დროზე, ისტორიის ნათელ მხარეს იდგნენ, ეს ხალხი ისედაც სულ იყო ჩართული ამ პროცესებში და დღესაც ჩართულები არიან. დასამალი არაფერი მაქვს, თუ ვინმეს რაიმე აინტერესებს, შეუძლიათ მოვიდნენ და ყველა კითხვაზე გავცემ პასუხს.
ის რაც იკადრეს, მამაჩემის მომხრეების აუგად მოხსენიება და მათი შეფასებები, არაადეკვატურია. გასაგებია, რომ ესენი არიან პუტჩისტები და მათი იდეური მემკვიდრეები, ეს ოპოზიციის სიის პრეზენტაციისას თვალნათლივ ჩანდა…
როდესაც ბუბა კიკაბიძეა მათი სიის პირველი ნომერი, როდესაც ჯორიკა რურუა გმირად გამოჰყავთ, როდესაც ირინა სარიშვილია მათი ერთ-ერთი რუპორი, თავად ეუბნები საზოგადოებას, საით დგახარ! ზვიად გამსახურდიას მიმართ ვინც ოდნავ სიმპათიით არის განწყობილი, ამ სისხლიან პარტიას, “ნაციონალებს”, გამორიცხულია მხარი დაუჭიროს და ეს თავადაც კარგად იციან!
სადამდეც მე ვარ და სადაც მე მეთქმის ჩემი მეგობრებისთვის ერთი-ორი სიტყვა და ამ მეგობრებში მამაჩემის ერთგულ მხარდამჭერებს ვგულისხმობ, მათი წარმატება იქნება ნულზე ქვემოთ და ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერების რაოდენობა სამეგრელოსა და ზოგადად საქართველოში პროცენტულად დიდია!
მე აგვისტოს დასაწყისიდან სექტემბრამდე აქ ვიყავი, მერე წავედი და ახლა ისევ შვებულებით აქ ვიმყოფებოდი. მათი ფანტაზია შეიძლება კიდევ უფრო შორს წავიდეს, მაგრამ ამას ჩვენ ხომ არ ავყვებით… ეს ყველაფერი 3-4 დღეში დასრულდება და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა”, – ამბობს გიორგი გამსახურდია.