ვის აწყობს არჩევნებში ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა და ვის – არა – პაატა ზაქარეიშვილის პოლიტიკური პროგნოზები წინასაარჩევნოდ

ვის აწყობს არჩევნებში ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა და ვის – არა – პაატა ზაქარეიშვილის პოლიტიკური პროგნოზები წინასაარჩევნოდ

საქართველოში კორონავირუსის პანდემიამ ქართული პოლიტიკისთვის ჩვეული “ცხელი” წინასაარჩევნო გარემო მნიშვნელოვნად შეცვალა. ექსპერტები უკვე ღიად აცხადებენ, რომ ქვეყანაში ვირუსთან დაკავშირებული კრიტიკული ფონი, ამომრჩეველთა აქტივობაზე ცალსახად უარყოფითად აისახება.

რომელ პარტიას აწყობს არჩევნებში ამომრჩეველთა აქტიურობა და რომელსარა

პოლიტიკის ექსპერტი და შერიგებისა თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „პრაიმტაიმთან“ საუბრისას აცხადებს, რომ არჩევნებში ამომრჩეველთა ნაკლები აქტიურობით „ქართული ოცნებაა“ დაინტერესებული.

„ქართული ოცნება“ კორონავირუსთან დაკავშირებით, არსებულ მძიმე ვითარებას კიდევ უფრო ართულებს, რადგან ამ პარტიას სურს, არჩევნებში სხვა პარტიის ან გადაუწყვეტელი ამომრჩეველი არ მივიდეს. „ოცნებას“ უკვე საკუთარი ამომრჩეველი ჰყავს და იცის, მას ვინ აძლევს ხმას. რაც შეეხება წინასაარჩევნო გარემოს, ადამიანებს ახლა სულ არ ეხალისებათ გარეთ გამოსვლა და კორონავირუსით დაინფიცირება, ამიტომ ისინი წინასაარჩევნო გარემოში აგრესიული ფორმით ჩართულები არ არიან. ოპოზიციურ პარტიებს, ბუნებრივია, ამომრჩეველთა აქტიურობა მეტად აწყობთ.

ამჟამად ოპოზიციას გაუჩნდა შანსები, რომ პარლამენტში შედარებით უმტკინვეულოდ შევიდეს. ფაქტია, ახალი პარლამენტი იქნება უფრო ოპოზიციური, ხმაურიანი და მომთხოვნი, ხელისუფლებას უწინდებურად კომფორტული პირობები აღარ ექნება“,- განაცხადა ზაქარეიშვილმა.

ზაქარეიშვილის პროგნოზით, არჩევნებში „ქართული ოცნება“ პირველ ადგილზე გავა, თუმცა მის მიერ მოპოვებული ხმები ვერ იქნება გარანტია, რომ მთავრობა სრულად დააკომპლექტოს. მისი პროგნოზით, მმართველი გუნდი 45%-ს მიიღებს, ნაციონალური მოძრაობის მაქსიმუმი კი ამ არჩევნებზე შეიძლება 15% იყოს. ზაქარეიშვილი ამბობს, რომ დანარჩენი ხმები სხვა ოპოზიციურ პარტიებზე გადანაწილდება.

როგორ აისახება არჩევნებში საზოგადოების აქტივობაქართული ოცნებისპროცენტულ მაჩვენებელზე

ექსპერტის შეფასებით, მმართველი პარტია არჩევნებში მოსალოდნელი მაქსიმუმის, 60%-ის აღებას იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 50%-ზე ნაკლები იქნება.

„იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებში მოსახლეობის 50%-ზე ნაკლები მივიდა, „ქართული ოცნება“ თითქმის 60%-თაც კი იმარჯვებს, მაგრამ თუ არჩევნებში 65%-ზე მეტი მივიდა, მაშინ „ქართულ ოცნებას“ 45%-ზე მეტი არ ექნება. ძალიან ბევრი ადამიანი ამ არჩევნებში არ მივა, რადგან კორონავირუსის პანდემია ხალხის აქტივობას ხელს შეუშლის. შესაბამისად, ჩემი შეფასებით, არჩევნებში “ქართული ოცნების” შედეგი, დაახლოებით, 45% იქნება“,- განაცხადა ზაქარეიშვილმა.

შეგახსენებთ, საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს შერეული საარჩევნო სისტემით გაიმართება. ნახეთ ვრცლად, რას გულისხმობთ შერეული საარჩევნო მოდელი.