რისთვის ირჯებიან არჩევნებზე პარტიული დამკვირვებლები

რისთვის ირჯებიან არჩევნებზე პარტიული დამკვირვებლები

არჩევნების დღის მოახლოების კვალობაზე პოლიტიკური და ფსიქოლოგიური ტემპერატურის მკვეთრად აწევის კვალობაზე, სააშკარაოზე გამოდის ის მეთოდები, რომლითაც ცალკეული ოპოზიციური პარტიები აპირებენ მოქმედებას. არა, ისინი არ აპირებენ არჩევნების მოგებას, რადგანაც ყველა, მათ შორის, მათივე დაკვეთილი სოციოლოგიური გამოკითხვებიც კი აჩვენებენ, რომ ვერცერთი კონფიგურაციით ოპოზიცია, და მითუმეტეს, „ნაციონალური მოძრაობა“ ამ არჩევნებს ვერ მოიგებენ. მაშასადამე, ხელისუფლების დასაუფლებლად რჩება ერთდაერთი გზა - არაკონსტიტუციური ქმედებები და მათი ლეგიტიმაციის მცდელობა იმ მოტივით რომ არჩევნები გაყალბდა. ცნობილია, რომ სწორედ არჩევნების დამტკიცებული გაყალბება ითვლება მასობრივი გამოსვლების ლეგიტიმაციის საფუძვლად. თუ „ნაციონალური მოძრაობის“ მასთან აფილირრებული პარტიების და ოპოზიციის ცალკეული სხვა წარმომადგენლების წინასაარჩევნო გზავნილებს და რიტორიკას დავაკვირდებით, ადვილად წავიკითხავთ მათ განზრახვას.

ისინი ჯერ არჩატარებულ არჩევნებს აპრიორი, აცხადებენ გაყალბებულად და მათზე მომუშავე მედიასაშუალებების მეშვეობით ქმნიან შესაბამის განწყობას საზოგადოებაში. აღმოჩნდა, რომ ამ გეგმების რეალიზებისთვის აპირებენ გამოიყენონ არჩევნებზე დამკვირვებლად დარეგისტრირებული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც პირდაპირ არიან აფილირებული ნაციონალურ მოძრაობასთან, ხოლო ზოგიერთი მათგანის დამფუძნებლებად და დირექტორებად თავად პარტიის ლიდერები და ცნობილი სახეები გვევლინებიან.

როგორც ცნობილია, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ერთ- ერთმა ლიდერმა თეა წულიკიანმა ბრიფინგზე დოკუმენტალური ინფორმაცია წარმოადგინა, რომლის თანახმადაც, არჩევნებზე რეგისტრირებული სადამკვირვებლო ორგანიზაციების ერთი მეოთხედი ოპოზიციასთან, ძირითადად „ნაციონალურ მოძრაობასთან“  არის აფილირებული.  მისი თქმით, არსებობს კონკრეტული სქემა, რომლის მიხედვითაც ოპოზიცია არჩევნების დღეს და მომდევნო დღეებში გაავრცელებენ ყალბ ინფორმაციას, რომ არჩევნები დარღვევებით ჩატარდა.

არჩევნებზე რეგისტრირებული სადამკვირვებლო ორგანიზაციების პოლიტიკურ პარტიებთან კავშირი არ ყოფილა წულუკიანის მიგნება.

რამდენიმე დღის წინ ეუთო/ოდირმა (OSCE/ODIHR) გამოაქვეყნა შუალედური ანგარიში, სადაც პირდაპირ მითითებულია, რომ - "საქართველოში სადამკვირვებლო ორგანიზაციების მნიშვნელოვანი ნაწილი პოლიტიკურ პარტიებთან არის აფილირებული."  სამართლიანობისათვის უნდა აღნიშნოს, რომ ამ ორგანიზაციებს შორის დიდი ალბათობით, იქნებიან მმართველი პარტიის გულშემატკივარი ორგანიზაციებიც. საქართველოში მისი მყიფე დემოკრატიის  და დაბალი პოლიტიკური და საარჩევნო კულტურის პირობებში, პარტიებთან აფილირებული სადამკვირვებლო ორგანიზაციების მუშაობა არჩევნების დროს ყოველთვის იწვევს ლეგიტიმურ კითხვებს მათ მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით.

თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს ერთი მნიშვნელოვანი გარემოებაც. პოლიტიკურ აქტორებთან კავშირში მხილებული არასამთავრობო ორგანიზაციების გარდა, არსებობენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც უკვე წლებია აკვირდებიან არჩევნებს, აქვთ დამოუკიდებელი დამკვირვებლის სახელი და იმიჯი და მათ ანგარიშებს ითვალისწინებენ საერთაშორისო ორგანიზაციები.

სამწუხარო იქნება, თუ ამ არჩევნებზე ვიხილავთ იმ სცენარს, რაც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე სამმა, ყველასათვის ცნობილმა დამკვირვებელმა ორგანიზაციამ გაითამაშა, როდესაც ფაქტოლოგიის და სანდო სამხილების გარეშე შეეცადნენ პოლიტიკური და რეპუტაციული ზიანი მიეყენებინათ,  ხელისუფლებისათვის და მის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატისათვის ოპოზიციის კანდიდატის სასარგებლოდ. შეგახსენებთ, რომ საქმე ეხებოდა ყალბი პირადობის მოწმობების ბეჭდვას და გამოყენებას ხელისუფლების მხარდაჭერილი კანდიდატის სასარგებლოდ. ბრალდება ვერ იქნა დამტკიცებული, თუმცა ის მოხვდა ცალკეული საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებში. 

არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ აღნიშნული სადამკვირვებლო ორგანიზაციები „ქართულ ოცნებასთან“  მკვეთრ კონფრონტაციაში არიან და ეს კონფრონტაცია უკვე გასცდა სამოქალაქო საზოგადოებისა და ხელისუფლებას შორის არსებული ტრადიციული უთანხმოების ჩარჩოებს. შესაბამისად, უცნობია რამდენად შეძლებენ ეს ორგანიზაციები დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის ტესტის ჩაბარებას ამ დაძაბული არჩევნების დროს.

წინასაარჩევნო გარემო, ცალკეული ხელოვნურად გამოწვეული ექსცესების მიუხედავად, ზოგადად მშვიდი და პლურალისტულია. შესაბამისად, ამ ინფორმაციის გახმაურების შემდეგ, ადგილობრივ თუ საერთაშორისო საზოგადოებას შეუძლია თავად განსაჯოს, თუ რამდენად სანდო იქნება ამგვარი ორგანიზაციების  „დაკვირვების“  შედეგები.