ამირან გამყრელიძე: გამოჯანმრთელების მაჩვენებელი გაზრდილია, სიკვდილიანობა კი - შემცირებული

ამირან გამყრელიძე: გამოჯანმრთელების მაჩვენებელი გაზრდილია, სიკვდილიანობა კი - შემცირებული

მსოფლიოში პანდემია საკმაოდ სერიოზულ ფაზაშია შესული, მატება ძალიან ინტენსიურია და ბოლო 10 დღის განმავლობაში, ყოველდღიურ შემთხვევათა რიცხვი, უკვე სტაბილურად 400,000-ს აჭარბებს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, გაზრდილია გამოჯანმრთელების მაჩვენებელი, ხოლო სიკვდილიანობა შემცირებულია.

„პანდემია საკმაოდ სერიოზულ ფაზაშია შესული, მატება ძალიან ინტენსიურია და უკვე ბოლო 10 დღის განმავლობაში, ყოველდღიურ შემთხვევათა რიცხვი, უკვე სტაბილურად 400,000-ს აჭარბებს, დღეს კი 460,000-მდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჯამში 44,3 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა და სამწუხაროდ 1,171,000-მდე გარდაიცვალა.

აღსანიშნავია, რომ გამოჯანმრთელების მაჩვენებელი გაზრდილია, დაახლოებით 37,5 მილიონი ადამიანი გამოჯანმრრთელდა, სიკვდილიანობის მაჩვენებელი კი 2,6 პროცენტამდე არის შემცირებული, ხოლო გაზაფხულზე ეს მაჩვენებელი 7-მდე აღწევდა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 33 858 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 14 829, გარდაიცვალა 253 პაციენტი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.