ღიად არ გამოხატავდნენ სიხარულს, მაგრამ აშკარად იგრძნობოდა მათი კმაყოფილება ამ მოვლენით, რომელსაც პირდაპირ ეთერში ვუყურებდით, - ამის შესახებ ექსპერტმა ნიკოლოზ მჭედლიშვილმა „იმედის“ გადაცემაში „არენა“ ოპოზციის ზუგდიდის სპეცოპერაციისადმი დამოკიდებულებაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, „ყოველთვის ასეთი არაადეკვატური რეაქცია აქვს ყველაფერზე ჩვენს ოპოზიციას“, რაც მათ შორის დავით გარეჯის საკითხშიც გამოიხატა.
„ჯერ ერთი რა სტრატეგიულ სიმაღლეებზე შეიძლება ვილაპარაკოთ მეგობარ ან არამეგობარ ქვეყანას, როგორ უნდა დაუთმო საერთოდ სხვას? მეორე, როგორც შეიძლება დავით გარეჯზე გაგეცინოს, მაგრამ სტრატეგიული სიმაღლე კი არა, სტრატეგიული სიმდაბლე გამოიჩინა აბსოლუტურად მაშინდელმა ხელისუფლებამ და ახლაც იჩენს სტრატეგიული სიმდაბლეს ეს ხალხი. თანაც არჩევნების წინ, როცა პირიქით, უნდა ამჟღავნებდნენ კონსტრუქციულობას“, - განაცხადა მჭედლიშვილმა.
17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე.
7 ოქტომბერს პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.
ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 8 ოქტომბერს შეეფარდათ.