„ალბათ არავინ მიწყენთ, თუ ბატონ ავთანდილ გალდავას გამოვყოფ ცალკე და ვიტყვი, რომ ნამდვილად საამაყოა, როდესაც ქართულ პოლიციაში არსებობენ ასეთი ადამიანები.
ასევე მადლობა ეფუძნება ჩემი მხრიდან იმას, როგორც ამ ქვეყნის ერთი მოქალაქის, რომ ზუგდიდში ჩვენ არ ვიხილეთ სისხლისღვრა, ეს არის მთლიანად იმ სახელმწიფო სტრუქტურებისა და პოლიციის დამსახურება, რომელსაც თქვენ სამწუხაროდ ჩამოშლილს უწოდებთ.
თქვენ თუ ეს ჩამოშლად მიგაჩნიათ, ალბათ არჩამოშლად მიიჩნევდით იმას, რომ ღმერთმა დაგვიფაროს და გაგვღვიძებოდა ისეთ ზუგდიდში სადაც ტროტუარი მოფენილი იქნებოდა გვამებით, ალბათ ეს უფრო იქნებოდა მავანისთვის სასიხარულო. მადლობა პოლიციას, რომ ეს ასე არ მოხდა. მე მიკვირს, რომ ადამიანებს არ მოსწონთ, რომ ადამიანების სიცოცხლე გადარჩა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები 21 ოქტომბერს აიყვანა.
თავდამსხმელი შენობიდან 3 მძევალთან ერთად გამოვიდა. მას შენობის დატოვების დროს, სავარაუდოდ, ხელში ხელყუმბარა ეკავა.
22 ოქტომბერს, გამთენიისას შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, ავთანდილ გალდავას უშუალო ძალისხმევით შეიარაღებული დამნაშავისგან ყველა მძევალი გათავისუფლდა. დამნაშავის დაკავების მიზნით სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს.
შსს-ს ინფორმაციით, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკზე“ ყაჩაღური თავდასხმა ბადრი ესებუამ განახორციელა.