საქართველოში ვაქცინა ხელმისაწვდომი გაზაფხულზე იქნება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ Facebook-ის პირდაპირ ეთერში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ბრიფინგის ერთ-ერთ თემას კორონავირუსის ვაქცინის შექმნის საკითხი წარმოადგენდა.
პაატა იმნაძის თქმით, მიმდინარე წლის ბოლომდე რამდენიმე ვაქცინა უკვე იქნება.
„ვიცით, რომ ჩინეთში ერთი ვაქცინა უკვე გამოიყენება და კიდევ ორ ვაქცინაზეა საუბარი. ასე, რომ ჩემი აზრით, გაზაფხულიდან მსოფლიოში უკვე რამდენიმე ვაქცინა იქნება“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.
მისივე თქმით, შესაბამისად, საქართველოში ვაქცინა ხელმისაწვდომი გაზაფხულზე იქნება.
ამასთან, თავის მხრივ, ბრიფინგზე ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ მსოფლიოს სამედიცინო წრეებში აქტიურად მუშაობენ ვაქცინის შესაქმნელად. გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ვაქცინების საკმაოდ დიდი რაოდენობაა შექმნილი, რომელიც კლინიკური კვლევის სხვადასხვა ფაზას გადის.
„კლინიკური კვლევის მესამე ფაზაშია დაახლოებით, 10 ვაქცინა და ვაქცინა დიდი ალბათობით, იქნება. თუ რამდენად ეფექტური იქნება ეს ვაქცინა, ამას მომავალი გვიჩვენებს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1824 ადამიანს დაუდასტურდა, 1 262 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 23 კი გარდაიცვალა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 32 127 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 12 632, გარდაიცვალა 238 პაციენტი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.