კროსფიტის დარბაზის გახსნა  და დაჯილდოების ცერემონია თსუ-ში

კროსფიტის დარბაზის გახსნა  და დაჯილდოების ცერემონია თსუ-ში

მსოფლიო მასშტაბით პოპულარული კროსფიტის საქართველოში პირველი დარბაზი გაიხსნა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.  კროსფიტი , რომელიც 2000 წლებიდან ჩამოყალიბდა, როგორც  სხვადასხვა სტილის ვარჯიშების ერთობლიობა, ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრების ერთ-ერთ საუკეთესო  გზად ითვლება.

თსუ-ის მაღლივი კორპუსის მიმდებარედ გახსნილ დარბაზში მოემზადებიან როგორც კვალიფიციური სპორტული გუნდები (ძიუდოს, კალათბურთის, ფეხბურთის, რაგბის და სხვა...), ასევე სამოყვარულო და საბავშვო ჯგუფები, სტუდენტეები. თსუ სტუდენტები კი ისარგებლებენ სპეციალური ფასდაკლებით.

ევროასპარეზზე წარმატების მისაღწევად კროსფიტის დარბაზში ივარჯიშებს 2019-2020 წლების საქართველოს ფუტსალის უმაღლესი ლიგის გამარჯვებული თსუ ფუტსალის გუნდი. მიღწეული წარმატებისთვის  გუნდის წარმომადგენლები ღონისძიებაზე თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ უნივერსიტეტის ოქროს მედლებით დააჯილდოვა. „თსუ-მ გამოყო ბაზა იმისთვის, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი გახდეს სტუდენტებისთვის და არა მხოლოდ მათთვის, წამყვანი თემა.  მნიშვნელოვანია აღინიშნოს ისიც, რომ წელს ფუტსალის ჩემპიონი თსუ გახდა და ჩვენც დავაჯილდოვეთ ჩვენი სპორტსმენები, რომლებმაც ჩემპიონობისთვის მთელი წლის განმავლობაში დიდი ძალისხმევა გაწიეს,“- აღნიშნა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

ეროვნულ ჩემპიონატზე გამარჯვების შემდეგ, ფუტსალის გუნდი „თსუ“ 2020-2021 წლების ევროპის ფუტსალის ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობისათვის ემზადება. უნივერსიტეტის გუნდი  საქართველოს ფუტსალის ლიგის ჩემპიონი პირველად 2016 წელს გახდა.  გუნდის კაპიტნის მიხეილ თევზაძის თქმით, გუნდმა უკვე განაახლა ვარჯიშები და დაიწყო აქტიური მზადება ევროპის ჩემპიონატისთვის. „მოხარულები ვართ, რომ საქართველოში  და თსუ-ში კროსფიტის პირველი  მაღალი ხარისხის დარბაზი გაიხსნა.  ჩვენ ჩემპიონთა ლიგაზე სათამაშოდ მივდივართ და ამ დარბაზში ვარჯიში ძალიან დაგვეხმარება, რომ ფიზიკურად მზად ვიყოთ და ძლიერები შევხვდეთ ჩემპიონატს,“- აღნიშნა მიხეილ თევზაძემ.

თსუ ოქროს მედლით ასევე დაჯილდოვდა თსუ სპორტული გუნდების ფიზიკური მომზადების მწვრთნელი ივანე ერგემლიძე. „ძალიან მოულოდნელი და სასიხარულო იყო ჩემთვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედალი. ნამდვილად არ ველოდი და დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თსუ ადმინისტრაციას, რექტორს, ბატონ გიორგი შარვაშიძეს და ყველა იმ ადამიანს, ვისაც წვლილი მიუძღვის ჩემს დაფასებაში,“- განაცხადა ივანე ერგემლიძემ.

თსუ ფუტსალის  გუნდი COVID-19-ის  პანდემიის გამო გადადებული წილისყრის გამართვას ელოდება,  მანამდე კი ჩემპიონატისთვის კროსფიტის დარბაზში მზადებას  აგრძელებს. ერთ სივრცეში მოწყობილია, როგორც დახურული დარბაზი, ასევე ღია ტიპის სავარჯიშო მოედანი სეზონური გამოყენებისთვის. დარბაზის გახსნას დაესწრო ვაკის რაიონის დეპუტატობის კანდიდატი  ნოდარ ტურძელაძე, რომელმაც  აღნიშნა, რომ კროსფიტის ბაზა პანდემიის პირობებში, უზრუნველყოფს პროფესიონალი სპორტსმენების თუ მოყვარულების უწყვეტ ფიზმომზადებას. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა თაობის წარმომადგენელს შესაძლებლობა ექნება დაკავდეს ჯანსაღი ცხოვრების წესით. კროსფიტის ბაზა მოამზადებს როგორც პროფესიონალებს, ისე სამოყვარულო გუნდებს და ვფიქრობ, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ადამიანის, ახალგაზრდისა და ბავშვის სწორი განვითარებისთვის,“- განაცხადა ნოდარ ტურძელაძემ.

კროსფიტის დარბაზის გახსნა, ერთის მხრივ, გამოაცოცხლებს უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსში სტუდენტურ ცხოვრებას, მეორე მხრივ კი ხელს შეუწყობს უნივერსიტეტის, ამჯერად როგორც ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდამჭერის პოპულარიზაციას.   ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის, მოზარდების სპორტით დაინტერესების ხელშეწყობისთვის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა თსუ-სა და სასკოლო სპორტის ფედერაციას შორის. მემორანდუმს ხელი თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და  ფედერაციის პრეზიდენტმა კონსტანტინე ამირაჯიბმა მოაწერეს. მემორანდუმის მიზანია უნივერსიტეტის მიერ დაგეგმილი და ერთობლივი სპორტულ-შემეცნებითი ღონისძიებებით მხარეებმა ხელი შეუწყონ ბავშვებსა და მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და წვლილი შეიტანონ სასკოლო სპორტის განვითარებაში.