ლაშა შენგელია: ავთო გალდავა მუხლებზე დაუდგა ამ თავდამსხმელს და უთხრა - აი, შენი ფული, გაუშვი მძევლები და მე დავრჩები შენთანო

ლაშა შენგელია: ავთო გალდავა მუხლებზე დაუდგა ამ თავდამსხმელს და უთხრა - აი, შენი ფული, გაუშვი მძევლები და მე დავრჩები შენთანო

ავთო გალდავა ამოვიდა, დაუდგა ამ თავდამსხმელს მუხლებზე და უთხრა - აი, შენი ფული, გაუშვი მძევლები და მე დავრჩები შენთანო, - აცხადებს ლაშა შენგელია, რომელიც იყო ერთ-ერთი იმ 4 მძევლიდან, რომლებთან ერთადაც „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელმა ბანკის ტერიტორია პოლიციის ავტომობილით დატოვა.

„ბანკში შემოვიდა ნიღბიანი და მე ვიფიქრე, რომ ინკასაცია იქნებოდა. მან გაისროლა და დაიძახა, რომ ეს ძარცვაა. ძალიან აგრესიულად იქცეოდა, ოპერატორს მიუვარდა, შემდეგ დაინახა, რომ გარედან ვიღაც ვიდეოს უღებდა და იმისკენაც გაისროლა. კავშირზე გამოვიდა ავთო გალდავა, რომელმაც განმუხტა სიტუაცია და ამისთვის მადლობას ვუხდი. ამის შემდეგ თავდამსხმელიც შეიცვალა, შემოვიდა უშუალო ურთიერთობაში. შემდეგ ლაივში დაინახა სამხედრო მანქანები, აფორიაქდა და ავთოსთან დაარეკინა. ავთო პირდებოდა, რომ ფულს მიუტანდა და გარანტიას მისცემდა, რომ ბანკიდან გავიდოდა. თავდამსხმელი ამბობდა, რომ ერთ დღეს ყველანი დავიხოცებით და ამიტომ თუ სპეცოპერაცია დაიწყებოდა, ის ხელყუმბარას ააფეთქებდა. ავთო გალდავა ამოვიდა, დაუდგა ამ კაცს მუხლებზე და უთხრა - აი, შენი ფული, გაუშვი მძევლები და მე დავრჩები შენთანო. ჩავსხედით მანქანაში, ოთხივე - უკანა სავარძელზე. გზაზე შეგვხვდა პოლიციის ორი მანქანა და ამაზე ძალიან გაბრაზდა, თუმცა ავთო გალდავამ დაარწმუნა, რომ ისინი არ გამოედევნებოდნენ. ავთო გალდავამ ვიღაცას დაურეკა კიდეც და უთხრა, რომ არ გამოგვყოლოდნენ, იმიტომ, რომ დაიღუპებოდა ხალხი. შტურმის თუნდაც ერთი მცდელობა ან რამე რომ ყოფილიყო, ჩვენ აუცილებლად დავიღუპებოდით“, - აცხადებს შენგელია.

ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები 21 ოქტომბერს აიყვანა.

თავდამსხმელი შენობიდან 3 მძევალთან ერთად გამოვიდა. როგორც კადრებში გამოჩნდა, მას შენობის დატოვების დროს ერთი ხელი აწეული ჰქონდა და სავარაუდოდ ხელში ხელყუმბარა ეკავა.

22 ოქტომბერს, გამთენიისას შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, ავთანდილ გალდავას უშუალო ძალისხმევით შეიარაღებული დამნაშავისგან ყველა მძევალი გათავისუფლდა და მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ხოლო დამნაშავის დაკავების მიზნით სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს.