კახა კალაძე ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებზე: მადლობა სპეცოპერაციაში ჩართულ ადამიანებს, რადგან ყველა მძევალი უვნებელი დაუბრუნდა საკუთარ ოჯახს

კახა კალაძე ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებზე: მადლობა სპეცოპერაციაში ჩართულ ადამიანებს, რადგან ყველა მძევალი უვნებელი დაუბრუნდა საკუთარ ოჯახს

ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ჩვენი გუნდისთვის, ხელისუფლებისთვის ყოველთვის იყო და იქნება ადამიანი, მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ „ქრონიკაში“, ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ განხორციელებულ თავდასხმაზე საუბრისას განაცხადა.

​„შსს-ს, თითოეულ თანამშრომელს, ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო ამ სპეცოპერაციაში, მინდა მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ ყველა მძევლად აყვანილი ადამიანი, ისე, რომ არცერთს თმა არ ჩამოვარდნია, დაუბრუნდა საკუთარ ოჯახს. ახლა მთავარია ამ საქმის მეორე ეტაპის ბოლომდე მიყვანა - თავდამსხმელი დააკავონ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები 21 ოქტომბერს აიყვანა.

თავდამსხმელი შენობიდან 3 მძევალთან ერთად გამოვიდა. როგორც კადრებში გამოჩნდა, მას შენობის დატოვების დროს ერთი ხელი აწეული ჰქონდა და სავარაუდოდ ხელში ხელყუმბარა ეკავა.

22 ოქტომბერს, გამთენიისას შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, ავთანდილ გალდავას უშუალო ძალისხმევით შეიარაღებული დამნაშავისგან ყველა მძევალი გათავისუფლდა და მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ხოლო დამნაშავის დაკავების მიზნით სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს.