16 იანვარს, დილის საათებში, კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობა ,,ქართული ოცნების” მოშიმშილე აქტივისტებს დაატოვებინეს. როგორც ისინი შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებენ, ფიზიკური შეურაცხყოფა სახანძრო და სამაშველო სამსახურის 7-მდე თანამშრომელმა მიაყენა. ქალბატონებს ხელებზე დაზიანებები აღენიშნებათ.
როგორც ცნობილია, 15 იანვარს კოალიცია ,,ქართული ოცნების” 5 აქტივისტმა გამგეობის შენობაში გამგებელ ოლეგ იაძის გადადგომის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყეს. ყველა მათგანი მანდილოსანია. მოშიმშილე თინა გახელაძე აცხადებს, რომ ინციდენტი დილის საათებში მას შემდეგ მოხდა, როდესაც შენობაში კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელი ოლეგ იაძე შევიდა.
,,მან თვალით ანიშნა ბიჭებს, რომ გავეყვანეთ. პირადად მე ლევან თაბორიძე შემეხო. კი არ გამომიყვანა, გამიტანეს. მომაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. დაახლოებით 7-მდე ადამიანი იყო. დაცვის პოლიციას ჩვენთვის ცუდი არაფერი გაუკეთებიათ. ყველაფერი ეს გააკეთეს სახანძროს თანამშრომლებმა ოლეგ იაძის თვალწინ. ხელები დაჟეჟილი მაქვს” – აცხადებს თინა გახელაძე.
სოფელ წინარეხის აქტივისტი ნინო მამასახლისი ამბობს, რომ მას დაარტყეს კიდეც.
,,მე სკამზე ვიჯექი ბატარეასთან. მთელი ღამე სკამზე გავათენეთ, იცით, რომ მშრალ შიმშილობას ვაცხადებთ ოლეგ იაძის წინააღმდეგ და ვითხოვთ მის გადადგომას. უცბად ატყდა ყვირილი, რა გინდათ, რა გინდათო და ამ დროს მომვარდნენ დაახლოებით 7-მდე ადამიანი. მათგან ერთს ვიცნობ, თაბორიძეს. მე სკამს ჩავებღაუჭე და გაუჭირდათ ჩემი გაყვანა. ამ დროს დამარტყეს და ხელებზე ნაჭდევები მეტყობა კიდეც” – გვითხრა ნინო მამასახლისმა. ორივე ქალბატონის დაზიანებული ხელები კადრებში ჩანს.
ინციდენტის შემდეგ მოშიმშილეები პოლიციაში გადაიყვანეს, სადაც მათ კასპის მუნიციპალიტეტის თანამშრომლის გივი მერებაშვილის საჩივარი დახვდათ. მერებაშვილი წერს, რომ მოშიმშილეები გამგეობის შენობაში თვითნებურად შეიჭრნენ და თანამშრომლებს მუშაობაში ხელი შეუშალეს.
სახანძრო სამსახურის უფროსი ლევან თაბორიძე ამბობს, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა არ ყოფილა. მისი თქმით, გამგეობის შენობაში ვიდეოთვალია დაყენებული, რომელმაც მოქალაქეების გაყვანის პროცესი დააფიქსირა:
,,საბედნიეროდ, არსებობს კადრები იმისა, თუ რა მოხდა შენობაში. როდესაც გამგებელი შევიდა დილით შენობაში, ამ ქალბატონებმა დაიწყეს ყვირილი და ლანძღვა ოლეგ იაძის მისამართით. შე არაკაცო, შე ასეთო და სხვა უშვერი სიტყვებით. ჩვენი მხრიდან მოხდა მათი გაყვანა იმიტომ, რომ გამგეობის თანამშრომლებს მუშაობაში ხელს უშლიდნენ. არავითარი ფიზიკური ძალადობა არ ყოფილა. კიდევ კარგი ერთი-ერთზე არ ვიყავით, თორემ მერე რას დამაბრალებდნენ, არ ვიცი. შენობაში მათთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არავის მიუყენებია. შენობის გარეთ რა მოხდა არ ვიცი” – ამბობს ლევან თაბორიძე.
გამგეობის ადმინისტრაციის სპეცილიასტი ელენე გოგოლაური ამბობს, რომ მოშიმშილე ქალბატონებს შიმშილობის დაწყების აქციის გამართვის მოთხოვნით, გამგეობის ადმინისტრაციისთვის წერილობით არ მიუმართავთ. ,,ჩვენთან მათი მხრიდან არანაირი წერილია შემოსული” – ამბობს გოგოლაური – ,,რის შემდეგაც მოხდა შენობიდან მათი გაყვანა”.
ინციდენტს კასპის საკრებულოს წევრი, კოალიციის წარმომადგენელი და პარტია ,,რესპუბლიკელების” ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე ხათუნა თათანაშვილი გამოეხმაურა. ,,თუ დადასტურა, რომ მოქალაქეებს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, მოვითხოვთ, დამნაშავე პირების დასჯას. ყველანაირ ძალადობას ვგმობთ, რადგან ჩვენ არა ვართ წინა ხელისუფლება, რომელიც ძალადობის ფორმებს იყენებდა” – ამბობს ხათუნა თათანაშვილი.
დღევანდელ ინციდენტს კასპის გამგებელი ოლეგ იაძე არ გამოხმაურებია.