შემოსავლების სამსახურის მოქმედ ვებგვერდთან ერთად ახალი ვებგვერდი ტესტირების რეჟიმში იმუშავებს

შემოსავლების სამსახურის მოქმედ ვებგვერდთან ერთად ახალი ვებგვერდი ტესტირების რეჟიმში იმუშავებს

19 ოქტომბერიდან,  ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უახლესი ციფრული მოთხოვნების შესაბამისი, განახლებული ვებგვერდი სატესტო რეჟიმში იწყებს მუშაობას.

ახალი დიზაინითა და დამატებითი ფუნქციებით, ვებგვერდი მაქსიმალურადაა მორგებული გადასახადის გადამხდელის მოთხოვნებსა და ბევრად უფრო მარტივია მისი გამოყენება. ამასთან, შემოსავლების სამსახურის მოქმედი ვებგვერდი ჩვეულ რეჟიმში მოემსახურება მომხმარებლებს.

აღნიშნული პროექტი წარმოადგენს შემოსავლების სამსახურის სერვისების განვითარების 2019-2020 წლების სტრატეგიისა და  2020 წლის  სამოქმედო გეგმის შემადგენელ ნაწილს, რომლის უმთავრესი მიზანია, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციური მიდგომების გამოყენებით  არსებული მომსახურების კიდევ უფრო სრულყოფა და განვითარება.

ვებგვერდის განახლების პროცესი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით 2019 წელს დაიწყო და  2 ეტაპად განხორციელდა. საწყის ეტაპზე, განისაზღვრა ვებგვერდის სტრუქტურა, საიტის ერთიანი სტილი და დიზაინი, ხოლო მეორე ეტაპზე - კონტრაქტორი კომპანიის (შპს „ბოქსვუდი") მიერ ფუნქციონალური სამუშაოების დასრულების შემდეგ, შემოსავლების სამსახურის ტექნიკურმა გუნდმა სრულად გამართა ელექტრონული სერვისები. ამასთან, განხორციელდა სტანდარტული და არასტანდარტული გვერდების  შინაარსის მთლიანი რედაქტირება.

პროექტის ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის მხრიდან, პროექტში ჩართული იყო, დაახლოებით, 50 სხვადასხვა კომპეტენციისა და სპეციფიკის მქონე სპეციალისტი, რომელთა მუშაობის შედეგად:

  • სრულად შეიცვალა და თანამედროვე მოთხოვნებს მოერგო ვებგვერდის ვიზუალური მხარე;
  • მინიმალისტური სტილის მთავარი გვერდი ორიენტირებული იქნება მომხმარებელზე;
  • საკონსულტაციო ინფორმაცია დაიყო ფიზიკური და იურიდიული პირების მიხედვით. ამასთან, სრულად შეიცვალა საკონსულტაციო ინფორმაციის განლაგების სტრუქტურა;
  • გაუმჯობესებული საძიებო სიტემის გამოყენებით  განახლდა ვებგვერდის შინაარსი;
  • ინგლისურ ენაზე ითარგმნა 200-მდე საკონსულტაციო სტატია;
  • შემუშავდა ვებგვერდის მართვის შიდა პროცედურული დოკუმენტი, რომელიც უზრუნველყოფს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის დროულ განახლებას;
  • ახალი ვებგვერდი ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის;
  • მაღალი დაცულობისა და სანდოობის ვებგვერდი მკაცრად დაიცავს მომხმარებლების პერსონალურ მონაცემებს.

გარდა ამისა, ვებგვერდი მომხმარებელს შესაძლებლობას მისცემს დააფიქსიროს საკუთარი მოსაზრებები „უკუკავშირის" მეშვეობით. განახლებულ ვებგვერდზე, ასევე, დაინერგება ახალი საკომუნიკაციო არხი - „RS ჩატი".

აქვე, კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ პირველ ეტაპზე, ვებგვერდი იმუშავებს სატესტო რეჟიმში და მომავალში მომხმარებელს არაერთ სიახლეს შესთავაზებს.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ახალი ვებგვერდის შექმნაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის, საქართველოს ბანკებისა და  საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციების, ასევე, საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის წარმომადგენლებმა. ამასთან, პროქტის ფარგლებში, აქტიური თანამშრომლობა შედგა საქართველოს ბიზნეს ომბუდსმენის აპარატისა და საქართველოს საერთაშორისო საავტომობილო გადამზიდავთა ასოციაციის წარმომადგენლებს შორის.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განახლებული ვებგვერდი www.rs.ge