დავით გარეჯის საქმეზე მოპოვებული ინფორმაციით ერთმნიშვნელოვნად დასტურდება, რომ ბრალდებულები მოქმედებდნენ განზრახ და შეგნებულად, - ამის შესახებ პროკურორმა, მიხეილ სადრაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, გამოძიება აგრძელებს მუშაობას სხვა ვერსიებზე.
„საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის ფაქტზე ორი პირი დააკავა და დღეს მათთვის ბრალდების ოფიციალურად წარდგენა მოხდება. წარსადგენი ბრალდება გულისხმობს ბრალდებულების მიერ საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედების ჩადენას, რაც მიმართული იყო საქართველოს ტერიტორიიდან მისის ნაწილის გამოყოფას. ბრალდებულების მიერ ჩადენილმა დანაშაულებრივმა ქმედებებმა შექმნა საფრთხე ისტორიული ტერიტორიების დაკარგვის, რომელიც დაახლოებით, 3 500 ჰექტარს შეადგენს. უამრავი საგამოძიებო და სხვა საპროცესო მოქმედებაა ჩატარებული, დაკითხულია ათობით მოწმე, ასევე არსებობს ექსპერტიზის არაერთი დასკვნა, მოპოვებულია რელევანტური კარტოგრაფიული მასალა, რუკები და მათი ანალიზის საფუძველზე ნამდვილად არსებობს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი, რათა ბრალდებულებს ბრალი წარდგენოდათ. მთავარი გარემოებაა შემდეგი: ბრალდებულებმა განზრახ, საქართველოს საწინააღმდეგოდ, შეგნებულად არ გამოიყენეს ისეთი რუკები, რომელიც რეალურად ისტორიულად საქართველის მიკუთვნებულ საზღვრებს და მონაკვეთებს საქართველოს ფარგლებში აქცევდა. მათ ამ კარტოგრაფიულ მასალას განზრახ გაუკეთეს იგნორირება", - განაცხადა პროკურორმა, მიხეილ სადრაძემ კითხვაზე ინფორმაციის წყაროსთან დაკავშირებით, პროკურორმა აღნიშნა, რომ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების დაწყების საფუძველს წარმოადგენდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან გამოგზავნილი ინფორმაცია და მასალები.
„საგამოძიებო ორგანომ ეს ინფორმაციის დაამუშავა და შეისწავლა. გამოიკითხა საქმესთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირი. ყველა მტკიცებულება კანონმდებლობის სრული დაცვით არის მოპოვებული. საქმეზე მოპოვებული ინფორმაციით ერთმნიშვნელოვნად დასტურდება, რომ ბრალდებულები მოქმედებდნენ განზრახ და შეგნებულად. რაც შეეხება სხვა ვერსიებს, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ გამოძიებას", - განაცხადა პროკურორმა.
7 ოქრომბერს პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.
17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე.