ჟენევაში, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს 45-ე სესიის ფარგლებში, გაიმართა უმაღლესი კომისრის ანგარიშის განხილვა, ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუციის – „თანამშრომლობა საქართველოსთან“ – შესრულების თაობაზე, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე ვითარებას ეხება. ინფორმაციას ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
როგორც ანგარიშის განხილვაზე გამოსვლისას ჟენევაში პოლონეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, ზბიგნევ ჩეხმა განახცადა, პოლონეთი სერიოზულად არის შეშფოთებული აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონში - საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მდგომარეობით.
„სისტემური დარღვევების შემთხვევები - რაც მოიცავს ქართველების მიმართ ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციას განათლების, ქონების და საბუთების გაცემის საკითხებში; თვითნებური დაკავებები, განსაკუთრებით ადმინისტრაციული საზღვრის „უკანონო გადაკვეთისთვის“ - ძალზე საგანგაშოა. სეპარატისტული რეჟიმების მიერ დაწესებული გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვები, ე.წ. „ბორდერიზაციის“ მიმდინარე პროცესთან ერთად, სერიოზულად აზიანებს ადგილობრივ მოსახლეობას ჯანმრთელობის დაცვის სერვისებზე წვდომის შეზღუდვით, რაც განსაკუთრებით იგრძნობა COVID-19 პანდემიის პირობებში. ეს შეზღუდვები საფრთხეს უქმნის ადგილობრივ ჰუმანიტარულ ვითარებას, რიგ შემთხვევებში მოსახლეობას ართმევს საარსებო წყაროს, წყალმომარაგებას, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებს, ან თუნდაც იწვევს საკვებისა და წამლების დეფიციტს“, - განაცხადა ჩეხმა.
მისივე თქმით, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დარღვევები წარმოადგენს წლების განმავლობაში გამოვლენილ შემაშფოთებელ ტენდენციას.
„ეთნიკური ქართველების დაღუპვასა და მკვლელობებზე პასუხისმგებლობის არარსებობა - კერძოდ ირაკლი კვარაცხელია, არჩილ ტატუნაშვილი, გიგა ოთხოზორია და დავით ბაშარული - აშკარა ნიშანია, რომ ორივე რეგიონში ადამიანის უფლებების მდგომარეობა არ გაუმჯობესდება; სიტუაცია, რომელიც მოითხოვს ამ ფორუმის განსაკუთრებულ ყურადღებას. კიდევ ერთხელ, პოლონეთი მოუწოდებს ყველას, ვინც აკონტროლებენ შესაბამის ტერიტორიებს, მიეცეთ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო მექანიზმებს მათზე შეუფერხებლად დაშვება“, - განაცხადა ჟენევაში პოლონეთის მუდმივმა წარმომადგენელმა.