ვანო მერაბიშვილს ზუგდიდში ხმაურით და აქციით დახვდნენ. შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებთან ერთად რესტორან „მენძელში“იმყოფებოდა, სადაც მას ადგილობრივები დაუპირისპირდნენ.
აქციის მონაწილეები, ყოფილ მაღალჩინოსანს მისი მინისტრობის პერიოდში ჩადენილი სისხლიანი საქმეებს ახსენებენ და აცხადებენ რომ, ე.წ. კასრების საქმის ავტორს სამეგრელოში ჩასვლის მორალური უფლება არ აქვს.
რესტორანში ურთიერთდაპირისპირება რამოდენიმე წუთის განმავლობაში გაგრძელდა, სიტუაცია მას შემდეგ განიმუხტა, რაც ადგილზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები გამოჩნდნენ. აქციის დასრულების შემდეგ თავად მერაბიშვილმა რესტორანი უკომენტაროდ დატოვა.
ყოფილი მაღალჩინოსანი ზუგდიდში დილიდან იმყოფება, თუ რა მიზნით ჩავიდა ის სამეგრელოში, უცნობია. მან მედიასთან კომენტარი არ გააკეთა და ჟურნალისტების კითხვები უპასუხოდ დატოვა.
ცნობილია, რომ მთელი დღის განმავლობაში ვანო მერაბიშვილმა შეხვედრები გამართა ენმ-ს წარმომადგენლებთან, თუმცა შეხვედრები კონსპირაციული ხასიათის და მედიისთვის დახურულია.
ვანო მერაბიშვილი ენმ-ს წევრებთან ზაზა გოროზიასთან და ანი წითლიძესთან ერთად ასევე იმყოფებოდა ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მალხაზ ჯალაღონიას სახლში, სადაც სავარაუდოდ ასევე კონსპირაციული შეხვედრა ჰქონდა პარტიის ადგილობრივი შტაბის წარმომადგენლებთან. მან ჯალაღანიას სახლიც უკომენტაროდ დატოვა.