ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, თუმცა, დიდი მნიშვნელობა აქვს მოქალაქეთა მიერ დადგენილი წესების დაცვას. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე მინისტრმა ყურადღება აჭარის რეგიონზეც გაამახვილა.
„აჭარაში საკმაოდ მაღალი მატებაა, რაც მნიშვნელოვნად საყურადღებოა. ჯანდაცვის სამინისტროს სრული გუნდი აქტიურადაა ჩართული პროცესის მართვაში. რა თქმა უნდა, პროცესს ვაკონტროლებთ, მაგრამ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ადმინისტრაციული რესურსისა და სამთავრობო გუნდის ჩართულობა, არამედ მოსახლეობის დამყოლობა და მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა. სოციალური დისტანციის დაცვა, პირბადის გამოყენება კვლავ რჩება ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებად. ვთხოვ მოსახლეობას, გავუფრთხილდეთ ახლობლებს, დავიცვათ ყველა ღონისძიება“ - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.
მინისტრის გაცხადებით, ქვეყნის მასშტაბით, საწოლფონდი მობილიზებულია იმ პაციენტთა მისაღებად, რომელთაც ექიმების მეთვალყურეობა სჭირდებათ.
„3 000 საწოლამდეა მობილიზებული. აქედან 1 630 საწოლია დამატებული და 300-ზე ოდნავ მეტი ადამიანია დაყოვნებული ტრიაჟში და ისინი ელოდებიან დიაგნოსტირებას და ამის შემდეგ გადამისამარდებიან კლინიკაში, საკარანტინო სასტუმროში ან ბინაზე“ - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში დადასტურებული კოვიდინფიცირების 578 ახალი შემთხვევიდან 416 აჭარაში გამოვლინდა. დღე-ღამეში ქვეყანაში 375 პაციენტი გამოჯანმრთელდა, სამი კი გარდაიცვალა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 8696 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 4619 ადამიანი, 52 პაციენტი კი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 5392 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836, კოვიდ სასტუმროში - 1 100, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.