„წინასაარჩევნო კამპანია, საერთო ჯამში, მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. არის ფიზიკური დაპირისპირების კონკრეტული სამწუხარო ფაქტები და ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„არის კონკრეტული სამწუხარო ფაქტები, სადაც ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას და მე აქ არ დავიწყებ იმის გარჩევას თუ რომელი კონკრეტული პარტიის წარმომადგენლები იყვნენ და როგორ უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს.
კატეგორიულად მიუღებელია ყველანაირი ძალადობა და შესაბამისად, ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი და ვინც გაბედავს დანაშაულის ჩადენას, კანონის წინაშე მოუწევს პასუხისგება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
29 სექტემბერს მარნეულში „ნაცმოძრაობის“ აქტივისტების სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე 2 ადამიანი დააკავეს. 30 სექტემბერს „ქართული ოცნების“ საარჩევნო სპეციალისტს, თემურ შუბითიძეს, რომელიც მარნეულში, სამსახურში მიდიოდა, გზაში სასტიკად გაუსწორდნენ. არსებული ინფორმაციით, უცნობმა პირებმა მის ავტომობილს მანქანა განზრახ შეაჯახეს, რის შემდეგაც ოთხმა პირმა მას სასტიკად სცემა.