„ადამიანები, რომლებსაც „საპატიო თბილისელის“ წოდება მიენიჭათ, მთელი წლის განმავლობაში ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უსაფრთხოების სადარაჯოზე არიან“, - დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, განსხვავებულად არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე წელს თბილისობა განსხვავებულად აღინიშნება.
„თუმცა მოვახერხეთ, რომ დაგვესახელებინა „საპატიო მოქალაქეები“. ადამიანები, ვისაც გადავეცი საპატიო მოქალაქის წოდებები, მართლაც მთელი ამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ქვეყნის სადარაჯოზე დგანან და იცავენ ჩვენი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უსაფრთხოებას. კიდევ ერთხელ მინდა, მივულოცო თითოეულ მათგანს,“- განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ეს ის ხალხია, ვინც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ფორმით დაგვანახა, თუ როგორ შეიძლება გიყვარდეს შენი ქალაქი, შენი ქვეყანა და რაც მთავარია, შენი ხალხი.
„ტიტული ხომ საბოლოოდ მხოლოდ ფორმალობაა, რომლის უკან ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი რამ დგას - გულიდან წამოსული მადლობა მთელი ქალაქისგან, ქვეყნისგან, და რაც მთავარია, ხალხისგან.
თქვენ მიერ გაწეულ ღვაწლს და შრომას დაფასება სჭირდება. ეს არა მარტო ჩვენი სურვილია, არამედ - მოვალეობაცაა. დიდ მადლობას გიხდით ყველას სახელით და როგორც ამ ქალაქის მერი და ერთი, უბრალო ადამიანი, ვამაყობ, რომ თქვენს გვერდით ვცხოვრობ.
როდესაც მივიღეთ ეს გადაწყვეტილება და შევხვდი ბატონ ამირან გამყრელიძეს, მან მეგობრულად მითხრა, რომ არასოდეს სახელმწიფოსგან არც ერთი ჯილდო არ მიმიღია და ძალიან მეუხერხულებაო, მაგრამ მე, როგორც ამ ქალაქის მერს, ამ ქვეყნის შვილს, არ მქონდა უფლება, არ მიმეღო ეს გადაწყვეტილება, რადგან ეს ადამიანები, მათ უკან მდგომი ყველა თანამშრომელი იმხელა საქმეს აკეთებენ ჩვენი ქვეყნისთვის, რომ მათი დაფასება უბრალოდ, აუცილებელია.
საპატიო თბილისელის წოდება გადაეცემა ადამიანს, რომელიც ადამიანებს არა მედიკამენტებით, არამედ სიტყვით კურნავს. ეს არის კაცი, რომელსაც ძალიან უყვარს ლიტერატურა და გვასწავლის, რომ ადამიანი ადამიანისთვის დღეა; რომ დედამიწას სიყვარული ატრიალებს და სულში გაფურჩქნილი სიყვარულის ყვავილი არა ყაყაჩო, არამედ კაქტუსია, რათა ჩხვლეტით გვაგრძნობინოს სიცოცხლის ძალა. ჩემთვის დიდი პატივია საპატიო თბილისელად დავასახელო გურამ დოჩანაშვილი. იმედი მაქვს, ბატონი გურამი ახლა ტელევიზორის ეკრანიდან გვადევნებს თვალს. მინდა, ვუსურვო მას ჯანმრთელობა და ხანგრძლივი სიცოცხლე“, - განაცხადა კახა კალაძემ ღონისძიების მიმდინარეობისას.
საპატიო თბილისელის წოდება პანდემიასთან მებრძოლ ცხრა ქართველ ექიმს და მწერალ გურამ დოჩანაშვილს მიენიჭათ.