ანალიტიკოსმა ლუკ კოფიმ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამხედრო დაპირისპირებასთან დაკავშირებით, საქართველოს მიდგომა მოიწონა

ანალიტიკოსმა ლუკ კოფიმ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამხედრო დაპირისპირებასთან დაკავშირებით, საქართველოს მიდგომა მოიწონა

ამერიკული კვლევითი ორგანიზაცია „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ საგარეო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი, ლუკ კოფი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მორიგ სამხედრო დაპირისპირებასთან და შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის გამართვას ეხმაურება. Twitter-ზე გავრცელებულ პოსტში ლუკ კოფი საქართველოს მიდგომას იწონებს.

„საქართველო რთულ მდგომარეობაშია და ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან დაბალანსებული, კეთილგონივრული და მართებული მიდგომა“, - წერს ანალიტიკოსი.

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მორიგ სამხედრო დაპირისპირებასა და შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართა. შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა საბჭოს სხდომის შემდეგ აღნიშნა, რომ ქართული მხარე კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მზაობას ნებისმიერი ფორმით შეუწყოს ხელი ვითარების განმუხტვას, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, დიალოგის გამართვის მიზნით კონფლიქტის მხარეების წარმომადგენელთა შეხვედრას უმასპინძლოს თბილისში.

მანამდე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ საქართველო მზად არის, სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლებს თბილისში უმასპინძლოს.

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება 27 სექტემბერს დაიძაბა. პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის მიმართულებით საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო. აზერბაიჯანული მხარის განმარტებით კი, ისინი სომხეთის მხრიდან, მთელი ფრონტის ხაზზე სროლებს პასუხობდნენ. ორივე მხარე იუწყება, რომ დაღუპულია მშვიდობიანი მოსახლეობა.