„იყო თბილისელი, ისევე როგორც სხვა ქალაქის მცხოვრები, პირველ რიგში, ნიშნავს იყო ჰუმანური, გიყვარდეს სხვა და გესმოდეს შენი როლი, საერთო, უკეთესი ყოფის შექმნაში“, - ამის შესახებ თბილისის მერმა განაცხადა.
„რა თქმა უნდა, უჩვეულოა თბილისობის დღესასწაულის ასე აღნიშვნა. ჩვენს უძველეს და ულამაზეს ქალაქს არაფერი უხდება ისე, როგორც ზეიმი, შემოდგომის სიჭრელე, ბავშვების ჟრიამული, მტკვარზე ტივით მოსეირნე სტუმრები, ხილით დატვირთული დახლები, მშრომელი ადამიანების მიერ საქართველოს ყველა კუთხიდან მოზიდული ნობათი და რაც მთავარია, მხიარული, ბედნიერი სახეები ქალაქის ქუჩებში. სამწუხაროდ, დღეს ამ ფორმატით ვხვდებით ერთმანეთს.
გილოცავთ თბილისობას ყველას, ვისთვისაც ძვირფასია ეს ქალაქი! ვულოცავ მათ, ვინც ქმნიდა თბილისის ისტორიას, ვინც დღეს ზრუნავს მის ყოველდღიურობაზე და ამით ქმნის მომავალს! განსაკუთრებით მინდა მივულოცო წლევანდელი თბილისობა ადამიანებს, რომლებიც ახლა უცნაურ ვირუსს ებრძვიან. მინდა გავამხნევო ისინი და ვუთხრა, რომ მარტო არ არიან ამ ბრძოლაში. მათ გვერდით არის სახელმწიფო და მათ გვერდით არიან ქართველი მედიკოსები, რომლებიც არასდროს მარცხდებიან.
არაფერია იმაზე საპატიო მისია, იდგე ადამიანების სიცოცხლის სადარაჯოზე. ყველაფერი უფერულდება, როდესაც საქმე ეხება ადამიანთა ჯანმრთელობას და მათ უსაფრთხოებას. სწორედ იმის გაცნობიერება, თუ რამხელა პასუხისმგებლობა გვაკისრია ერთმანეთის მიმართ, გვაძლევს ძალას და შემწეობას, ერთად გავუმკლავდეთ სირთულეებს და დავინახოთ სინათლის სხივი იქ, სადაც აქამდე ვერ ვხედავდით, ან უბრალოდ არ გვინდოდა გვეძებნა. არ არსებობს ადამიანურობის უფრო ძლიერი და თვალსაჩინო გამოხატულება, ვიდრე სურვილი - უანგაროდ იზრუნო სხვებზე,დახმარების ხელი გაუწოდო მას, ვისაც დღეს ყველაზე მეტად სჭირდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
საპატიო თბილისელის წოდება პანდემიასთან მებრძოლ ცხრა ქართველ ექიმს და მწერალ გურამ დოჩანაშვილს მიენიჭათ.