პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ მოუწოდა მმართველი პარტიის მხარდამჭერებს, თავი შეიკავონ აგრესიისგან, რომელიც შეიძლება ჰქონდეთ იმ ადამიანების მიმართ, „რომლებმაც გუშინ მათი ოჯახების კეთილდღეობაზე, მათ ჯანმრთელობასა და ახლობლების სიცოცხლეზე გადაიარეს“. ამის შესახებ პარლამენტის გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.
„თუ იმ პარტიების მხრიდან, რომლებსაც წარმატების პერსპექტივა არ გააჩნიათ, გაგრძელდება ასეთი პროვოკაციული მოქმედებები, ამან შეიძლება, საქართველოს შეურყიოს სტაბილურობის დონე, ეს ძალიან რთული იქნება ქვეყნის ავტორიტეტისა და არჩევნების პროცესისთვის. ეს ამოცანა დღის წესრიგში დგას და ამასთან დაკავშირებით ღიად ლაპარაკობენ, მათ შორის მიხეილ სააკაშვილიც. ასე რომ, ყურადღებით უნდა ვიყოთ და ყველა ჩვენს მხარდამჭერს მოვუწოდებ, თავი შეიკავონ პროვოკაციების აყოლისგან და აგრესიისგან, რომელიც შეიძლება, ჰქონდეთ იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც გუშინ მათი ოჯახების კეთილდღეობაზე, მათ ჯანმრთელობასა და ახლობლების სიცოცხლეზე გადაიარეს. თავი უნდა შევიკავოთ, რათა მთავარ ამოცანას მივაღწიოთ. საქართველო დემოკრატიული სამყაროს ღირსეული წევრია და ქვეყანამ ეს კიდევ ერთხელ უნდა დაამტკიცოს ამ არჩევნებით“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარნეულში მომხდარი დანაშაულის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო. უწყების ცნობით, ტელეკომპანია „მთავარისა“ და „პირველი არხის“ თანამშრომლებისთვის პროფესიული საქმიანობის ხელისშეშლის ფაქტებზე ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.