ირაკლი ღარიბაშვილი: „საქართველოს უკვე აქვს ყველა პრაქტიკული მექანიზმი ნატოში გასაწევრიანებლად

ირაკლი ღარიბაშვილი: „საქართველოს უკვე აქვს ყველა პრაქტიკული მექანიზმი ნატოში გასაწევრიანებლად"

„საქართველოს უკვე აქვს ყველა პრაქტიკული მექანიზმი ნატოში გასაწევრიანებლად" - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა  პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" 2020 წლის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე განაცხადა.

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ საქართველოს თავდაცვის პოლიტიკას ოთხი ძირითადი ამოცანა აქვს: ნატოსთან თავსებადობის გაზრდა და საბოლოოდ ამ ორგანიზაციაში გაწევრიანება, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება, სამხედრო მოსამსახურეებისთვის და მათი ოჯახებისთვის ღირსეული სოციალური პირობების შექმნა და ეფექტიანი რეზერვისა და რეკრუტირების სისტემის ჩამოყალიბება.

 ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ამ მიმართულებით „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები გადადგა. „საქართველოს უკვე აქვს ყველა პრაქტიკული მექანიზმი ნატოში გასაწევრიანებლად და  საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტი შეესაბამება ნატოს სტანდარტს, რომლის თანახმად თავდაცვას ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-მდე ხმარდება და ეს შენარჩუნდება მომდევნო წლების განმავლობაში. აქტიურად ხორციელდება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი (SNGP), გაიზარდა საერთაშორისო წვრთნების მასშტაბები და ჩამოყალიბდა ნატოს წვრთნებისა და შეფასების ცენტრი, შეიქმნა და მომავალში განხორციელდება საბრძოლო-საწვრთნელი ცენტრის (CTC) სრულფასოვანი გამართვა, რომელიც ჩვენი ამერიკელი პარტნიორების დახმარებით ხორციელდება," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თავდაცვის მინისტრმა საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-თან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება, რომელმაც, მისი თქმით, უმაღლეს ნიშნულს მიაღწია: „შეერთებულ შტატებთან გაფორმდა სტრატეგიული თანამშრომლობის ჩარჩო ხელშეკრულება; დაიწყო და აქტიურად მიმდინარეობს საქართველო-ამერიკის ერთობლივი უმნიშვნელოვანესი პროექტი - საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა (GDRP); ქართული ოცნების ხელისუფლების დროს წინა ხელისუფლების პერიოდთან შედარებით გაორმაგდა აშშ-ის საგარეო სამხედრო დაფინანსება და 227  მილიონი დოლარი შეადგინა." მისი თქმით, საამაყო ქართველი ჯარისკაცები ღირსეულად წარმოადგენენ ჩვენს ქვეყანას ავღანეთში და სხვადასხვა მისიებში მსოფლიო მშვიდობის დასაცავად.

ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიზნით თავდაცვის ძალების ტრანსფორმაცია და სრული მოდერნიზაცია მიმდინარეობს

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიზნით თავდაცვის ძალებში გადადგმულ და მიმდინარე ნაბიჯებზე პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" 2020 წლის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებას ის ძირითადი ღონისძიებები გააცნო, რომელიც თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციისა და სრული მოდერნიზაციის კუთხით მიმდინარეობს. მისივე თქმით, შემუშავდა თავდაცვის ეროვნული სტრატეგია, რომელიც ტოტალური თავდაცვის პრინციპს ეფუძნება.

ირაკლი ღარიბაშვილმა ის ძირითადი მიმართულებები ჩამოთვალა, რომელიც ნატოს სტანდარტების შესაბამისად თავდაცვის ძალების თანამედროვე საშუალებებით აღჭურვას გულისხმობს. „შეძენილ იქნა და ახლო მომავალში დამატებით იგეგმება თანამედროვე შეიარაღების სისტემების შესყიდვა, როგორიცაა ტანკსაწინააღმდეგო, ასევე წარმატებით მიმდინარეობს ჰაერსაწინააღმდეგო მიმართულების განვითარება. ჩვენ დავიწყეთ და აქტიურად ხორციელდება საავიაციო ძალების აღდგენა-რეაბილიტაცია-მოდერნიზაციის პროექტი.  მიმდინარეობს ქვედანაყოფების აღჭურვა ამერიკული წარმოების შეიარაღებით, თანამედროვე ტყვიამფრქვევებით, ყუმბარმტყორცნებით და სხვა თანამედროვე შეიარაღების სისტემებით. ასევე გეტყვით, რომ დაგეგმილია სამანევრო  ქვედანაყოფების თანამედროვე გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექსებით აღჭურვა  და 2021 წელს აღნიშნული პროექტი დასრულდება," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიზნით თავდაცვის ძალებში მიმდინარე რეფორმირებაზე საუბრისას ირაკლი ღარიბაშვილმა აქცენტი ქართული სამხედრო მრეწველობის განვითარებაზეც გააკეთა. მისი განცხადებით, ქართული ჯარი უკვე მარაგდება საქართველოში წარმოებული ცალკეული სამხედრო ეკიპირებით, თავდაცვის ძალები „დელტასგან" მალე აღიჭურვება მოდერნიზებულ საბრძოლო და სამედიცინო საევაკუაციო ჯავშანმანქანებითა და  კავშირგაბმულობის მანქანებით: „აქტიურად მიმდინარეობს ქართული სამხედრო მრეწველობის განვითარება, მათ შორის ჩვენ ვმუშაობთ ვაზნების ადგილობრივ წარმოებაზე, ასევე დრონების წარმოებაზე, ასევე ვმუშაობთ სხვადასხვა ყუმბარმტყორცნებზე და სხვადასხვა სისტემების წარმოებაზე. „დელტასგან" მალე მივიღებთ მოდერნიზებულ საბრძოლო და სამედიცინო ჯავშანმანქანებს და კავშირგაბმულობის მანქანებს. „დელტაში" ჩვენ ასევე დავაფუძნეთ „დელტა ტექსტილი", ეს არის თანამედროვე  სამკერვალო ფაბრიკა, სადაც ჩვენი გმირი სამხედროებისთვის მოხდება თანამედროვე, უმაღლესი ხარისხის უნიფორმების და სხვადასხვა საბრძოლო ეკიპირების წარმოება."

სიტყვით გამოსვლისას ირაკლი ღარიბაშვილი ქართულ ჯარში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებსაც შეეხო და განაცხადა, რომ სამხედროებისთვის საუკეთესო ინფრასქტრუტურული პირობების შესაქმნელად თავდაცვის ძალების 250-მდე ობიექტი ნატოს სტანდარტებით შენდება და რემონტდება. ასევე, ქართული ჯარისთვის თანამედროვე მსოფლიო ბრენდების 500-ზე მეტი ერთეული საუკეთესო სპეცტექნიკის შესყიდვა განხორციელდა.