ბიძინა ივანიშვილი: ერთ დროს წარმატებული და აყვავებული არაერთი ბიზნესი უბრალოდ მოსპეს და გააჩანაგეს

ბიძინა ივანიშვილი: ერთ დროს წარმატებული და აყვავებული არაერთი ბიზნესი უბრალოდ მოსპეს და გააჩანაგეს

მინდა ჩვენს საამაყო მეწარმეებს, რომელთა თავდაუზოგავი შრომის შედეგად იქმნება საქართველოს ეკონომიკა და დოვლათი, შევახსენო, რა მდგომარეობაში იყო ბიზნესი და როგორ ეპყრობოდნენ თითოეულ მათგანს, საგანგებოდ შექმნილი სადამსჯელო სახელმწიფო ინსტიტუტები. ბიზნესისათვის, ის პერიოდი იყო, მართლაც ჯოჯოხეთი დედამიწაზე, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა 2020 წლის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდზე საუბრისას განაცხადა.

„რეჟიმმა ქვეყანაში დაამკვიდრა პირად გამდიდრებაზე ორიენტირებული, მანამდე არნახული, მძლავრი კორუფციული სისტემა, კლასიკური კლეპტოკრატია, როდესაც ხელისუფლებასთან უშუალოდ დაკავშირებული რამდენიმე მცირერიცხოვანი ჯგუფის ხელში თავმოყრილი იყო, ეკონომიკის თითქმის ყველა შემოსავლიანი სექტორი. ვინც კი გაბედა, რაიმე ფორმით წინააღმდეგობა გაეწია ამ მანკიერი ფინანსური წესრიგისთვის, მყისიერად დააპატიმრეს და იძულებით ჩამოართვეს ქონება.

ერთ დროს წარმატებული და აყვავებული, არაერთი ბიზნესი, უბრალოდ მოსპეს და გააჩანაგეს. ხალხის ძარცვით მიღებული ასეულობით მილიონი კი, ილექებოდა უცხოურ ბანკებში, მათ საგულდაგულოდ გადამალულ ანგარიშებზე. სწორედ ამ დანაშაულებრივი თანხებით, ფინანსდება მათი დღევანდელი პოლიტიკური აქტიურობა.

ეს ჩამონათვალი უსასრულოდ შეგვიძლია გავაგრძელოთ, რადგან სამწუხაროდ, არ არსებობს, ჩვენი სამშობლოს, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური თუ სხვა სფერო, რომელიც გადაურჩა წინა ხელისუფლების მავნებლური ზემოქმედებისა და დამანგრეველი მმართველობის შედეგებს.

მინდა ყველა დავარწმუნო, რომ ჩვენს უახლეს წარსულთან დაკავშირებით, საზოგადოების კონსენსუსი ცალსახად შემდგარია და რევიზიას არ ექვემდებარება. იმდენად დიდია მიყენებული ტკივილი და ტრავმები, რომ ამის გამოდევნა, ქართველი ხალხის მეხსიერებიდან შეუძლებელია!“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.