„ქრონიკის“ ინფორმაციით, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის საქმიანობის გამოძიების ფარგლებში ამ წუთებში ვინმე ნატალია ილიჩოვას სახლი იჩხრიკება.
არსებული ინფორმაციით, სწორედ ილიჩოვასგან ამოიღო პროკურატურამ საქართველოს რუკის ორიგინალი.
„ქრონიკის“ ინფორმაციით, ნატალია ილიჩოვა ორიგინალ რუკას წლების განმავლობაში ინახავდა და მისი სახლის ჩხრეკაც სავარაუდოდ ამ საქმესთან დაკავშირებულ პროცესებს უკავშირდება.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრის, ივერი მელაშვილის სამუშაო ოთახში მიმდინარე ჩხრეკის შესახებ.
უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების ფაქტზე პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს. გამოძიების დაწყებას საფუძვლად ერთვის თავდაცვის სამინისტროს წერილობითი ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის მიერ საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა.
მანამდე, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით ახალი კარტოგრაფიული მასალები და დოკუმენტებია მოძიებული, რამაც შესაძლოა, 2006-2007 წელს მიღწეული შეთანხმების გადახედვის აუცილებლობა გამოიწვიოს.