დავით ზალკალიანი: პრემიერის ვიზიტი ბრიუსელში კიდევ ერთი მყარი საფუძველია იმისა, რომ მომავალშიც მეტი ინტენსივობით გავაგრძელოთ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია

დავით ზალკალიანი: პრემიერის ვიზიტი ბრიუსელში კიდევ ერთი მყარი საფუძველია იმისა, რომ მომავალშიც მეტი ინტენსივობით გავაგრძელოთ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის შეფასებით, ბრიუსელში პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში, როგორც ნატოში, ისე ევროკავშირში გამართულ შეხვედრებზე ყველა ერთხმად აღნიშნავდა იმ უაღრესად ხელშესახებ პროგრესს, რომელიც საქართველოს აქვს ევროკავშირში ინტეგრაციისა და ნატოში გაწევრიანების თავლსაზრისით, ასევე მაღალი შეფასება მიეცა საქართველოს ხელისუფლების ქმედებებს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისა და განმტკიცების მიმართულებით.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, ნატო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს წარმატება, როგორც ალიანსში ინტეგრაციის გზაზე, ასევე მის განსაკუთრებულ როლზე შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში, დაიგეგმა შემდგომი კონკრეტული ნაბიჯები, მათ შორის ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განახლების მიმართულებით, რომელიც ასევე მნიშვნელოვანად დაახლოებს პოლიტიკური გადაწყვეტილების პროცესს ქვეყნის ნატოში გაწევრიანების თვალსაზრისით. „ძალიან მნიშვნელოვანი იყო ნატოში შეხვედრა, სადაც ჩვენ გენერალურ მდივანთან განვიხილეთ ნატოსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის ყველა ძირითადი მიმართულება. აღინიშნა, რომ საქართველო არის ყველაზე წარმატებული ასპირანტი, ნატოსთან თავსებადი, ნატოს პარტნიორი ქვეყანა, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ავღანეთში სწრაფი რეაგირების ოპერაციაში, ამისთვის ისინი უაღრესად მადლიერნი არიან, ასევე აღნიშნავენ პრაქტიკული თანამშრომლობის კუთხით არსებულ მნიშვნელოვან პროგრესს, რაც კიდევ უფრო გვაახლოებს ჩვენს საბოლოო მიზანთან - ალიანსში წევრობასთან“, - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისი თქმით, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობასა და საქართველოს როლზე შავი ზღვის რეგიონში. პოზიტიურად იყო შეფასებული ე.წ. საპორტო ვიზიტები - შავი ზღვის პორტებში ნატოს ხომალდების შემოსვლა, ასევე გახშირებული წვრთნები, რომელიც ნატოს ეგიდით ტარდება. „უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის უპრეცედენტო წვრთნები, რომელიც მომავალშიც გაგრძელდება და კიდევ უფრო გაზრდის ნატოს ფიზიკურ ყოფნას საქართველოში, რაც ჩვენი უსაფრთხოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტიაა“, - განაცხადა ზალკალიანმა.

მინისტრის განცხადებით, ევროკავშირის წარმომადგენლებთან შეხვედრებზე, პრემიერმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ევროკავშირთან ფიზიკური ინტეგრაციის მნიშვნელობასა და ამ პროცესში შავი ზღვის პოტენციალის გამოყენების მნიშვნელობაზე, „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იმ პირობებში, როდესაც არ გვაქვს სახმელეთო საზღვარი ევროკავშირთან, შავი ზღვის პოტენციალი გამოვიყენოთ, ასევე სხვადასხვა დიდი პროექტი, რომელიც ფიზიკური დაახლოების მეტ შესაძლებლობებს მოგვცემს ევროკავშირთან. ჩვენი ქვეყანა არის ლიდერი აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებს შორის, ბიზნესის კეთების კუთხით, საბიუჯეტო გამჭვირვალობის თვალსაზრისით, ყველა რეიტინგზე უმაღლეს პოზიციებზეა, რაც სათანადოდ შეფასებულია და ძალიან კარგად არის აღქმული ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან. ვიზიტის დროს ყველა ერთად აღნიშნავდა, როგორც ასოცირების, ისე ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის, ასევე სავიზო ლიბერალიზაციის კუთხით არსებულ ძალიან სერიოზულ პროგრესს, ასევე იმ ძალიან მნიშვნელოვან დემოკრატიულ რეფორმებს, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ განახორციელა და უმაღლესი შეფასება დავიმსახურეთ, კერძოდ საკონსტიტუციო რეფორმის განხორციელების თვალსაზრისით, ასევე ეუთოს რეკომენდაციების შესრულების კუთხით, იმით, რომ საარჩევნო კანონმდებლობა მთლიანად განახლდა და მოერგო ჩვენს ახალ საკონსტიტუციო წყობას - საპარლამენტო რესპუბლიკას“, - განაცხადა მინისტრმა.

მინისტრის თქმით, ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ხელისუფლების მზაობა, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება გამჭვირვალედ, უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად. მისივე თქმით, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე უზრუნველყოფილი იქნება საერთაშორისო დამკვირვებლების მაქსიმალური ჩართულობა და მათი უსაფრთხოების გარანტიები, კორონავირუსის გათვალისწინებით. „ძალიან დიდი მოლოდინია, რომ ის მაღალი სტანდარტი, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ შექმნა დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცების თვალსაზრისით, იქნება დაცული და ეს არჩევნებიც იქნება ისეთივე მაღალი სტანდარტების და პრინციპების, როგორიც იყო ადრე 2012 წლიდან ჩატარებული ყველა არჩევნები. ჩვენ უკვე სერიოზული სამუშაოები ჩავატარეთ ეუთოს სადამკვირვებლო მისიასთან, რომელიც აგზავნის როგორც გრძელვადიან ისე მოკლევადიან დამკვირვებლებს. ასევე ევროპარლამენტში გვქონდა ამასთან დაკავშირებით საუბარი და ისინი მზად არიან ჩვენთან ერთად განიხილონ შესაძლებლობა, თუმცა დღეს კიდევ მოქმედებს შეზღუდვები ევროპარლამენტარების გადაადგილებასთან დაკავშირებით, მაგრამ პრემიერი იყო ძალიან მკაფიო - ყველას აძლევდა გარანტიას, რომ ყველანაირი პირობა იქნება შექმნილი მათი უსაფრთხოებისთვის და უზრუნველვყობთ მაქსიმალური რაოდენობის დამკვირვებლების ჩამოყვანას და დასწრებას. თუ საჭირო იქნება, მიცემული იქნა გარანტია, რომ ჩვენ შეგვიძლია დავნიშნოთ სპეციალური რეისი და ყველა დამკვირვებელი ჩამოვიყვანოთ საქართველოში“, - განაცახადა მინისტრმა.

დავით ზალკალიანმა განსაკუთრებით ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრიუსელში ვიზიტი განხორციელდა პანდემიის პირობებში, მაშინ როდესაც შეზღუდულია შეხვედრები და საერთაშორისო ვიზიტები.

 

Aburjga Tasmanieli ამჟამად საქართველო ძალიან კრიტიკულ მდგომარეობაშია იმისათვის, რომ პრემიერი ვიზიტით ეწვიოს ბრიუსელს! ევროკავშირთან ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავება გაანადგურებს საქართველოს სახელმწიფოს სუვერენიტეტის უკანასკნელ საფუძვლებს! ამას გარდა ევროკავშირი აპირებს სანქციების დაწესებას და ითხოვს უპირობო მხარდაჭერას საქართველოსადმი მეგობრულად განწყობილი ბელორუსიის მიმართ. დაჟინებით ითხოვს, რომ არ ვცნოთ ბელორუსიაში ჩატარებული არჩევნების შედეგები, არ ვცნოთ საქართველოს გამოცდილი მეგობარი ბატონი ალექსანდრ ლუკაშენკო არჩეულ პრეზიდენტად! ვიცნობ რა ჩვენი ხელისუფლების ბრიყვულ საგარეო პოლიტიკას, დარწმუნებული ვარ საქართველო, როგორც ყურმოჭრილი ყმა ყველაფერში დაეთანხმება ევროკავშირის ყველა რეზოლუციას! რაც მოხდება, რა ჩიტსაც დავიჭერთ სერიოზული საკითხებისადმი ასეთი ახლომხედველური, ერთუჯრედიანი მიდგომებით სულ მალე, ერთ-ორ თვეში ყველა დავინახავთ! შედეგები იქნება ძალიან სამწუხარო!
4 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ამას გარდა აქვე ჩვენს საზღვრებთან მაშტაბური, ინტენსიური ომი მიმდინარეობს ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებს შორის! ევროკავშირს საფრანგეთის მეტიჩარა პრეზიდენტის მეთაურობით ცალსახად პროსომხური პოზიცია უკავია. რაც იმაში გამოიხატება, რომ ევროკავშირის მხრიდან არ ისმის მოწოდება სომხეთის მიმართ, რომ სომხეთმა შეასრულოს გაერო-ს ცალსახა გადაწყვეტილება სომხეთის მიერ აზერბაიჯანის კუთვნილი 7 რაიონის დეოკუპაციის შესახებ! სომხეთის მიერ ამ რეზოლუციის შეუსრულებლობა გახდა დღევანდელი ომის მთავარი მიზეზი. თუ სომხეთის არმია დატოვებდა 7 ოკუპირებულ რაიონს, მაშინ აზერბაიჯანი ცეცხლს უპირობოდ შეწყვეტს!
4 წლის უკან