თამარ გაბუნია: აჭარაში კორონავირუსი პროგრესულად არ ვრცელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სტაბილიზაციის შესაძლებლობა გვაქვს

თამარ გაბუნია: აჭარაში კორონავირუსი პროგრესულად არ ვრცელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სტაბილიზაციის შესაძლებლობა გვაქვს

აჭარაში გუშინდელთან შედარებით, მხოლოდ 20-ით მეტი შემთხვევა გამოვლინდა, რაც სტაბილიზაციაზე მიუთითებს. ამის შესახებ ეპიდვითარებაზე საუბრისას ჯანდაცვის მინისტრის მოადილემ განაცხადა.

თამარ გაბუნიას თქმით, აჭარაში კორონავირუსის 241 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც მცირედით ზრდაა. მინისტრის მოადგილის თქმით, შემზღუდავი ღონისძიებები ვითარების სტაბილიზაციას ახერხებს, თუმცა გარკვეული დროა საჭირო, რომ სრული სურათი დავინახოთ.

„შეზღუდვები გასულ კვირას დავიწყეთ, ჯერ ცოტა დროა გასული. აჭარაში შემთხვევების მატება არის მცირედი, წინა დღეებთან შედარებით, რაც იმას ნიშნავს, რომ სტაბილიზაციის ნიშნები არის. ზოგადად, ამ ინფექციას ახასიათებს გეომეტრიული სიმეტრიით ზრდა. გუშინდელთან შედარებით, 20 შემთხვევა დაემატა. ეტაპობრივად, მცირე ზრდა აღინიშნება, რაც არის კონტაქტების ხარჯზე - არ არის პროგრესული გავრცელების სურათი, რაც იმას ნიშნავს, რომ სტაბილიზაციის შესაძლებლობა გვაქვს და ამდენად, ეს ორი კვირა გვინდა, რომ ეფექტი დავინახოთ“, - განუცხადა თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს ბათუმში.

საქართველოში კორონავირუსის 6640 შემთხვევაა გამოვლენილი, 3419 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 40 კი გარდაიცვალა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.