„ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ საქართველოს სოფლის მოსახლეობას, უკეთ გამოიყენონ ადგილობრივი ეკონომიკური შესაძლებლობები“, - ამის შესახებ ელჩმა კარლ ჰარცელმა სოფლის განვითარების შესახებ ევროკავშირის ახალ საინფორმაციო კამპანიაზე საუბრისას განაცხადა.
„მე მჯერა ადგილობრივი განვითარების ჯგუფების და სოფლის განვითარების თემზე დაფუძნებული მიდგომის სარგებლიანობის.
ადგილობრივი საჭიროებების და შესაძლებლობების შეფასება ადგილობრივებს ყველაზე კარგად შეუძლიათ. ჩვენი მუშაობის უდიდესი მიღწევა სწორედ იმის დანახვაა, თუ როგორი მოტივაციით, ინტერესითა და ენთუზიაზმით ერთვებიან ადგილობრივები საკუთარი თემის განვითარების პროცესში.
ჩვენ მხარდაჭერას მომავალშიც გავაგრძელებთ. ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ საქართველოს სოფლის მოსახლეობას, უკეთ გამოიყენონ ადგილობრივი ეკონომიკური შესაძლებლობები, დარჩნენ და გაძლიერდნენ საკუთარ რეგიონებში და არ დასჭირდეთ უკეთესი საარსებო წყაროსთვის სხვაგან გადასახლება“, - აღნიშნავს კარლ ჰარცელი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში.
ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით შექმნილი ადგილობრივი განვითარების ჯგუფები, (LAG) ადგილობრივ მოქალაქეებს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და მუნიციპალიტეტებს აერთიანებენ, რათა მათ ერთად შეიმუშაონ გადაწყვეტილებები საკუთარი სოფლისა თუ თემის გასაძლიერებლად.